
პაპუაშვილი ბრიუსელში საქართველოს ელჩის დაბარებას მედიას უკავშირებს
22/09/2021 11:45:35 საგარეო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი დიპლომატების სავარაუდო მიყურადებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩის ევროკავშირის ოფისში დაბარების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამაში ვერაფერს სკანდალურს ვერ ხედავს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ შეხვედრის დეტალები არ იცის.
"ამაში არაფერი სკანდალური არ არის, მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ, უკვე მერამდენე დღეა, მედიის მხრიდან ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის – ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ყველა არხებით, რა თქმა უნდა, ვართ იმისთვის, რომ განმარტება მივცეთ. ისევე, როგორც საზოგადოებას ვაძლევთ განმარტებას, ასევე ვაძლევთ განმარტებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: "საკითხი ასე მარტივად არ დაიხურება" – ბრიუსელმა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო?