ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს ისტორიული დატვირთვის მქონე უწოდა

13-10-2021 16:28:04 საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში მომავალ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ვიზიტს ისტორიული დატვირთვის მქონეს უწოდებს და აცხადებს, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოსთან მტკიცე საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

დავით ზალკალიანის თქმით, გრძელდება ვიზიტის დეტალებზე მუშაობა, თუმცა არის მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში.

„ამერიკასა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლებისა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მრავალი წელია მსახურობენ ერთად მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში, მათ შორის, ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობებისა და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე, ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები