აფხაზეთმა ღარიბაშვილს "საზღვრის" ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მუქარით უპასუხა

14-10-2021 19:35:43 კონფლიქტები

სოხუმი "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის ცალმხრივ რეჟიმში დაწყებას არ გამორიცხავს. ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ახაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ იკრალი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც, თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვის მიერ გავრცელებული განცხადებს საპასუხოდ გაკეთდა.

«ძნელია, ადექვატური უწოდო ი. ღარიბაშვილის მიერ ესოდენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე გამოთქმულ პოზიციას. შეიძლება, დაუსრულებლად ისაუბრო იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს "ერთიანი საქართველო», მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, მსგავსმა მიდგომამ რეგიონში ჩამოყალიბებული ვითარება შეცვალოს. უნდა შევახსენოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ აფხაზურმა მხარემ ადრე უკვე მიმართა ქართულს მოწოდებით, დაეწყო საგნობრივი მუშაობა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის პროცესზე. საქართველოს, კერძოდ, შევთავაზეთ შესაბამისი კომისიის შექმნა და მისი შემადგენლობის განსაზღვრა. აფხაზეთის რესპუბლიკაში შესაბამისი კომისიის ფორმირების პროცესი უკვე მიდის. ქართული მხარისაგან ჩვენს წინადადებაზე ადექვატურ რეაგირებას მოველით და ვიმედოვნეთ, რომ იგი ანალოგიური კომისიის ჩამოყალიბების პროცესს არ გააჭიანურებს. ამის შემდეგ შევძლებთ, შევუდგეთ ერთობლივ მუშაობას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად მოეკიდოს ამ პრობლემატიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესი ცალმხრივ რეჟიმში განხორციელდება», – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ასევეა ჩამოყალიბებული "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს სოხუმსა და ცხინვალთან "საზღვრების" დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებას სთავაზობს.

საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ "სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე, საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა".

ამასთან, როგორც თემის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, "რუსეთთან დელიმიტაცია-დემარკაცია დამთავრდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები