საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება

08-11-2021 14:11:14 პოლიტიკა ,საზოგადოება

საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად (ორჯერ) ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი არეალი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მინდა, განმარტება გავაკეთო – იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან განმარტა, სად იმოქმედებს "მწვანე პასპორტი":

"ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე".

მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტებისთვის სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი და ის დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზებთან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ, ვისაც სმარტფონი არ აქვს, კოვიდპასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეეძლება.

იხილეთ ასევე: სად იმოქმედებს/არ იმოქმედებს ე.წ. მწვანე პასპორტი ამ დროისთვის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები