
რა უფლებებს მიანიჭებს ომბუდსმენს მესამე მხარის სტატუსი – როგორია პრაქტიკა
18/11/2021 14:34:50 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს სახალხო დამცველმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა და აპარატი ამ დროისთვის სასამართლოსგან პასუხის მოლოდინია.
საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში. მის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა უკვე შეისწავლა გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული კლინიკა და ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა. ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა და გასცა რეკომენდაცია, პაციენტის დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობის, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
მართალია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და მეტიც, ერთგვარი მუქარა გააჟღერა ომბუდსმენისა და დასკვნაზე ხელმომწერი ექიმების მისამართით, რომელთა კომპეტენციასაც ეჭვქვეშ სპეციალისტები, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ ვერ აყენებენ, სახალხო დამცველი კი ელის, რომ თუ ევროსასამართლოსადმი მისი მიმართვა არ დაკმაყოფილდა, კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებაში.
რას გულისხმობს მესამე მხარის სტატუსი
როგორც „აქცენტთან“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე განმარტავს, სასამართლოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი საქმის ერთ–ერთი ნაწილი იქნება.
„ზოგადად, საქმეში არის ორი მხარე: განმცხადებელი (რომელიც ასაჩივრებს, რომ მისი უფლებები ირღვევა), ხელისუფლება (რომელიც ამბობს, რომ ასრულებს საკუთარ მოვალეობას განმცხადებელთან მიმართებაში). ამ შემთხვევაში მესამე მხარის ფუნქციაა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია და ხედვა, რომელიც მოემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესებს. იდეაა ის, რომ სასამართლოს დაეხმაროს სხვადასხვა ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში მისი ექსპერტიზის გათვალისწინებით. სახალხო დამცველი არის ორგანო, რომელსაც უფლებათა საკითხებზე ექსპერტიზა გააჩნია. ამდენად, თუ სასამართლო ნებას დართავს, რაც ეხება პენიტენციურ სისტემაში მოპყრობას, მკურნალობას, პირობებს და ა.შ. ომბუდსმენი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომენტარებს და პოზიციას წარუდგენს. შესაბამისად, საქმეში იქნება მესამე მხარის პოზიცია“.
როგორია პრაქტიკა
მესხორაძე ამბობს, რომ სტრასბურგის მიერ საქმეში მესამე მხარის ჩართვა დამკვიდრებული პრაქტიკაა:
„როდესაც თემა სამართლებრივად მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს პრაქტიკაზე ან მომავალზე, ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალიზებული ორგანიზაციები ერთვებიან მესამე მხარედ“.
საქმეში მესამე მხარედ ჩართვის უფლება აქვს სახელმწიფოსაც:
„მაგალითად სააკაშვილის საქმეში, ვინაიდან ის უკრაინის მოქალაქეა, შესაძლოა უკრაინამაც მოითხოვოს მონაწილეობა. ამ შემთხვევაში პროცედურა ავტომატურია: სტრასბურგი რაღაც ეტაპზე უკრაინას მითითებას გაუგზავნის, „შენი მოქალაქის წინააღმდეგ არის საქმე და თუ გექნებათ სურვილი, ჩაერთოთ?“. უკრაინამ შესაძლოა, მზაობა გამოხატოს ან პირიქით“.
ირკვევა, რომ პრაქტიკა არც უშუალოდ საქართველოს შემთხვევია უცხო. ამ კონტექსტში მესხორაძე „აქცენტთან“ იხსენებს საქმეს „თხელიძე – საქართველოს“ წინააღმდეგ. საუბარია 2014 წელს მომხდარ მკვლელობაზე: ილიაუნის ლექტორი მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ უნივერსიტეტის შენობაში მოკლა. სიკვდილამდე მარიკამ 11-ჯერ დარეკა პოლიციაში და შეატყობინა, რომ ქმარი ემუქრებოდა. 7 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა – „სახელმწიფომ დაარღვია სიცოცხლის უფლება“:
„სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ იცოდა იმის შესახებ, რომ აპლიკანტის შვილს საფრთხე ემუქრებოდა, მიუხედავად იმ სხვადასხვა დამცველი ღონისძიებისა, რომლის გატარებაც შესაძლებელი იყო, მათ [სამართალდამცავმა უწყებებმა] ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობისგან ქალის დაცვა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა სისტემურ მარცხად შეიძლება შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებით.
„ამ შემთხვევაში სახალხო დამცველმა ალბათ, წარადგინა პოზიცია, რაში მდგომარეობდა სისტემური პრობლემა, ხარვეზები. სავარაუდოდ, კომპეტენციის ფარგლებში მიაწვდიდა ხედვას და ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში ამ მიმართულებით. სასამართლო გაიაზრებს, განიხილავს და ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება, გადაწყვიტოს საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები“,– დასძენს მესხორაძე.