
ჯანდაცვის მინისტრმა კობახიძის მუქარის ფონზე ექიმებს სოლიდარობა გამოუცხადა
19/11/2021 19:47:04 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უკანასკნელ დღეებში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კონტექსტში სამედიცინო პერსონალზე განხორციელებული შეტევის ფონზე ექიმებს სოლიდარობა გამოუცხადა.
მართალია, მას პერსონები არ დაუსახელებია, თუმცა ახსენა კონსილიუმების წევრები, შესაბამისად, ის ექიმებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სამიზნეები გახდნენ და ხაზგასმით განაცხადა, რომ ექიმები პაციენტებს არ ირჩევენ, ხოლო გადაწყვეტილებებს ყოველთვის მათ სასარგებლოდ იღებენ.
იხილეთ ასევე: ექიმი – კობახიძეს: "გინდათ ექიმებთან ომი? მიიღებთ! მსოფლიოს სამასხროდ გავხდით ამ ხელისუფლებას"
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ თემით დაიწყო მინისტრმა მედიასთან საუბარი.
„მინდა, ექიმებს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მეთვალყურეობას უწევდნენ პაციენტს, მადლობა გადავუხადო – ყველა იმ ექიმს, ვინც მონაწილეობდა შექმნილ კონსილიუმებში (მათი როლი იყო ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი). ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ექიმს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული მკურნალობის პროცესში. მათ ნამდვილად აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, რადგან ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაითვალისწინოს: ექიმის პროფესია არის ძალიან რთული პროფესია, ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტის სასარგებლოდ",– განაცხადა მინისტრმა და დასძინა, "მნიშვნელოვანია, ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული და ეს ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სამომავლოდაც“.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით თავდაპირველად კონსილიუმი სახელმწიფომ შექმნა. მოგვიანებით, როდესაც სააკაშვილ იძულების წესით #18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, ომბუდსმენის ეგიდით შეიქმნა ალტერნატიული კონსილიუმი. მათ შეისწავლეს დაწესებულებაში არსებული ვითარება, პაციენტის მდგომარეობა, რომელიც შეაფასეს კრიტიკულად და სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს. მოგვიანებით სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამაყობენ პროფესიონალი ექიმების დასკვნის მათ შეფასებებთან თანხვედრით. ხოლო „ქართული ცნების“ თავმჯდომარემ დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და ომბუდსმენისა და ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
18 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 19 ნოემბერს მას გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მესამე პრეზიდენტი გორში გადაყვანას დასთანხმდა.