მედია – ევროკავშირი ვაქცინირებული პირებისთვის დროის განსაზღვრას გეგმავს

25-11-2021 17:23:25 მსოფლიო

ევროკავშირი ვაქცინირებული პირებისთვის დროის განსაზღვრას გეგმავს. კერძოდ, როგორც Bloomberg იუწყება, ევროკომისია ამზადებს რეკომენდაციას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის უფლება სრულად ვაქცინირებიდან მხოლოდ 9 თვის განმავლობაში ექნებათ. ხოლო ამ ვადის ამწურვის შემდეგ მათ ე.წ. ბუსტერ დოზა დასჭირდებათ.

"ამასთან, ევროკომისიის წინადადება იქნება, რომ წევრმა ქვეყნებმა გააგრძელონ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილი ყველა მოგზაურის მიღება.

გარდა ამისა, ევროკომისია მოუწოდებს წევრს ქვეყნებს 10 იანვრიდან მიიღონ ყველა ის პირი, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით არის აცრილი", იუწყება Bloomberg.

ცნობისთვის: საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ამის შესახებ საზოგადოებას პრემიერ–მინისტრმა ამცნო. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად (ორჯერ) ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კრიტიკის საკითხი.

„იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს.

იხილეთ ასევე: მინისტრი – უვადო „მწვანე“ სტატუსზე: „ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილისთვის უვადოდ „მწვანე“ სტატუსის მინიჭება წარმოუდგენელია, ვინაიდან კვლევების თანახმად, კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ რეინფიცირების რისკი მატულობს:

"პოზიცია იყო მკაფიო დაფიქსირებული საკოორდინაციო საბჭოზე ექვსთვიან ვადასთან დაკავშირებით. ბატონ ამირან გამყრელიძეს მოსაზრება და რეკომენდაცია იყო ექვსთვიანი ვადა. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს, მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად ეს შესწორდება, ეს არაა წითელა, გადაიტანე და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ. კორონავირუსი ძალიან შორსაა კორონავირუსისგან. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები