დოლიძე: „ჩვენ NATO-სგან მეტი რეაგირება გვჭირდება და ალიანსში ამას აცნობიერებენ“

06-12-2021 21:50:51 საგარეო პოლიტიკა

ნატო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას ნატო-სგან მეტი რეაგირება სჭირდებათ.

მისი თქმით, ნატო დღეს ფოკუსირებულია შავ ზღვაზე, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ ზოგადად რუსეთის ქცევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და ასობით ათასი ჯარისკაცის კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან, ნამდვილად აზიანებს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

როგორც დოლიძე ამბობს, საქართველომ წარადგინა წინადადებები, თუ როგორ შეიძლება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის გაძლიერება და აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი ნატო–ს მოედანზეა“.

მას კონკრეტულ წინადადებებზე არ უსაუბრია, თუმცა მიანიშნა, რომ „საქართველოს შეუძლია, გახდეს რეგიონული ჰაბი სატრანსპორტო სისტემის კუთხით და ნატო-ს შეუძლია, ყოველთვის დაეყრდნოს საქართველოს“.

„ჩვენ გვჭირდება მეტი რეაგირება ნატო-სგან და ალიანსში ამას აცნობიერებენ. ექსპერტების მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ კონცეფციაში ნახავთ სამართლიან და გონივრულ ჩანაწერებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე ასპირანტ ქვეყნებზე და მათთან თანამშრომლობის შესახებ,. ჩვენ მოხარულები ვართ ამის ხილვით. როგორც გახსოვთ, საქართველოც და უკრაინაც დასაწყისიდანვე ჩართულები იყვნენ პროცესში, როგორც ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობაში, ისე ჩვენი კონკრეტული იდეების შეთავაზებით, როგორ შეიძლება, ჩვენი თანამშრომლობის და უსაფრთხოების განმტკიცება შავი ზღვის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია მეტი და უფრო უსაფრთხო ინფორმაციის გაცვლა. სადაზვერვო სისტემა ქართული მხრიდან სუფსაში ძალიან კარგად და ადეკვატურად მუშაობს. ნატო-ს მეტი ფიზიკური წარმომადგენლობა შავ ზღვაში ასევე მნიშვნელოვანია. მეტი წვრთნები არის ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ წინადადებები, როგორ შეიძლება, ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება. იმედი გვაქვს, რომ ამ წინადადებებს ყურადღებას მიაქცევენ 2030 წლის სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობის დროს. ახლა ბურთი ნატო-ს მოედანზეა და მათგან ველოდებით ხედვას და წინადადებას. საქართველოს შეუძლია, გახდეს რეგიონული ჰაბი სატრანსპორტო სისტემის კუთხით და ნატო-ს შეუძლია ყოველთვის დაეყრდნოს საქართველოს“, – განაცხადა დოლიძემ.

იხილეთ ასევე: პუტინი გარანტიებს ითხოვს: "დასავლეთი შანტაჟის ქვეშ არ ექცევა"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები