რა საპასუხო ზომებით ემუქრება აშშ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში

08-12-2021 12:48:27 მსოფლიო

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მოსკოვს "მკაცრი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ".

კონკრეტულად რა იგულისხმება "სხვა ზომებში" თეთრ სახლს განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა მოგვიანებით, შესაძლო რუსული აგრესიის საპასუხო ნაბიჯებზე გარკვეული ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განასაჯაროვა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მკაფიოდ უთხრა ვლადიმირ პუტინს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ესკალაციის შემთხვევაში ამერიკა პარტნიორებთან ერთად მკაცრ ზომებს მიიღებს. ჩვენ მზად ვართ, მოვიქცეთ ისე, როგორც არ მოვქცეულვართ 2014 წელს", – განაცხადა სალივანმა.

ირკვევა, რომ ზომები მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს და სხვა ქმედებებს, როგორიცაა რეგიონში ნატო–ს მოკავშირე ქვეყნებში დამატებითი ჯარების განლაგება და უკრაინისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას სალივანმა უარი განაცხადა, დაეკონკრეტებინა ეკონომიკური ზომები, თუმცა აღნიშნა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2", რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ არ არის შესული, "წარმოადგენს ბერკეტს აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის".

"თუ ვლადიმირ პუტინს სურს, დაინახოს გაზის გადინება ამ მილსადენში, მან არ უნდა გარისკოს უკრაინაში შეჭრა“, – განაცხადა სალივანმა.

როგორც BBC იუწყება, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მიაღწიეს შეთანხმებას გერმანიასთან, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მილსადენის პროექტი გაუქმდეს.

გამოცემის ცნობით, სხვა შესაძლო ზომები მოიცავს რუსეთის ბანკებისთვის შეზღუდვების დაწესებას რუბლის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე, ასევე – რუსეთის გათიშვას "Swift"-ს გლობალური ფინანსური გადახდის სისტემიდან.

ცნობისთვის: დასავლეთის ქვეყნები და კიევი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. აღნიშნულს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები