აშშ–ის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს

08-12-2021 13:50:41 მსოფლიო

7 დეკემბრის გვიან ღამით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამა მიიღო კანონი თავდაცვის შესახებ, რომელიც უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფისათვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის კანონპროექტში სამხედრო ხარჯები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილ თავდაპირველ თანხაზე 25 მილიარდით მეტია და 770 მილიარდ დოლარს შეადგენს. პენტაგონის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარება 300 მილიონი დოლარით დაფინანსდება, 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ევროპის თავდაცვის ინიციატივაზე, ხოლო 150 მილიონი დოლარი დაიხარჯება უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ პროგრამებზე.

თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს მტკიცე მხარადჭერა აქვს კონგრესის ორივე პალატაში, სდაც უმრავლესობა დემოკრატებს ეკუთვნით.

კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცების შემდეგ პენტაგონის ბიუჯეტის კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

შარშანდელ წელთან შედარებით პენტაგონის ბიუჯეტი 5%-ით იზრდება, მაგრამ საბიუჯეტო კანონპროექტში აღარ არის შეტანილი წინადადება, რომელიც რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სავალდებულო სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. კანონმდებლებმა უარი თქვეს ასევე შესწორებაზე, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვას აუკრძალავდა.

ჩინეთის შეკავების მიზნით აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტში წყნარი ოკეანის ინიციატივის დაფინანსების ფარგლებში 7,1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. კანონპროექტი ასევე კრძალავს პენტაგონის მიერ ისეთი სამხედრო პროდუქციის შესყიდვას, რომელიც იძულებით შრომის გამოყენებით სინძიანის პროვინციაშია წარმოებული.

იხილეთ ასევე: რა საპასუხო ზომებით ემუქრება აშშ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები