
NATO–ს ლიდერებისა და პუტინის შეხვედრის შესაძლო შედეგები: „წარმოუდგენელია, დასავლეთი ვალდებულებების უარყოფაში რუსეთს დაემსგავსოს“
09/12/2021 14:59:08 ინტერვიუ
უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზების ფონზე გამართულ ბაიდენ–პუტინის ვირტუალურ სამიტს შექმნილ დაძაბულობაში გარდატეხა ჯერ არ მოუხდენია, თუმცა მოლოდინი გააჩინა კიდევ ერთი თარიღის მიმართ, მით უფრო, რომ პუტინი ალიანისგან აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. ჯო ბაიდენმა კერძოდ, განაცხადა: "ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში განვაცხადებ დიპლომატიური პროცესის დაწყების თაობაზე რუსეთთან და ნატო–ს სხვა მოკავშირეებთან, რომლის ძალისხმევა მიმართული იქნება რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენ. ვიმედოვნებ, 10 დეკემბრისთვის შევძლებთ, გითხრათ, რომ გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები რუსეთს, აშშ–ისა და სულ მცირე, ნატო–ს ოთხ მთავარ მოკავშირესთან, რათა განვიხილოთ რუსეთის შეშფოთება ნატო–ს სამომავლო გაფართოების საკითხთან დაკავშირებით და ასევე განვიხილოთ, შეგვიძლია თუ არა რაიმე რეგულირების შემუშავება, როდესაც საქმე ეხება ტემპერატურის დაწევას აღმოსავლეთ ფრონტზე".
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესმის, რომ მსგავს ვითარებაში შესაძლოა, გაჩნდეს გარკვეული ეჭვები შესაძლო შეთანხმების თაობაზე, თუმცა ის არა ერთი ექსპერტის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ პუტინი მსგავს გარანტიებს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ვერ (არ) მიიღებს:
- საკითხი ნატო–ს დღის წესრიგში რომც დადგეს, კონსენსუსს ვერ მოიპოვებს, რადგან მინიმუმ, ბალტიის პირეთის ქვეყნები და შესაძლოა, პოლონეთიც, მას მხარს არ დაუჭერენ;
- საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ევროპაში მიღებულ საერთაშორისო შეთანხმებებს, მათ შორის – პარიზის ქარტიას, რომელსაც 1990–იანი წლების დასაწყისში მოეწერა ხელი. ეწინააღმდეგება ეუთო–ს კონფერენციის დამფუძნებელ აქტს, რომელშიც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულებებით. რაც ნიშნავს, რომ ალიანსში გაწევრიანების უფლება აქვს საქართველოსაც და უკრაინასაც.
„ამდენად, გამოვა, რომ ამერიკა და ევროპა საერთაშორისო ვალდებულებების უარყოფაში რუსეთს შეუერთდებიან, რომელიც მუდმივად არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს. მსგავსი გადაწყვეტილებით ისინი როგორც მინიმუმ, ევროპაში არსებულ საერთაშორისო წესრიგს დაარღვევენ და წარმოუდგენელია, ამაზე წავიდნენ“.
თუმცა, გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რათა რუსეთის „ნახევრად გადარეულმა“ პრეზიდენტმა უკრაინასა და საქართველოში არ განახორციელოს აგრესია, მას რიგ დეტალებზე, მათ შორის კრემლის შფოთვებზე დიალოგის წარმართვა შესთავაზონ.
„ერთია, ნატო–ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება და მეორე, მაგალითად, იგივე „სარაკეტო ფარის“ განთავსება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე. ეს უკვე დეტალებია და შესაძლოა, ამაზე ისაუბრონ. მაგრამ ნატო–ში გაწევრიანებაზე უარი თქმა იმის გამო, რომ მათ რუსეთი აშანტაჟებს, არარეალისტურია. ცხადია, არაა სასიამოვნო, რომ ამ საკითხზე საერთოდ ესაუბრებიან რუსეთს, მაგრამ მეორეს მხრივ, შესაძლოა, გამართლეს იმით, რომ რუსეთი არაა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შესაძლოა, ენდო და სჯობს, დიალოგი აწარმოო, რათა იცოდე მისი ზრახვები, ვიდრე თვალი დახუჭო. ვფიქრობ, თუ დიალოგზე შეთანხმებიან, ეს შეაბრკოლებს რუსეთს“.
მნიშვნელოვანი დეტალი: ცნობილია, რომ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით შავ ზღვაში სამხედრო ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა. ამასთან, ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება კრემლის გავლენა უშუალოდ კავკასიის რეგიონში. ამ ფონზე საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს რეგიონის მიმართ ცივილიზებული სამყაროს ინტერესი და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნის სრულფასოვანი ჩართულობა, საქართველოს ფუნქციური როლის გამოკვეთა, რომელიც იდეაში ნატო–ს მომავალი 10 წლის სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს. როგორც ამასწინათ ნატო-ში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, საქართველომ ალიანსს მთელი რიგი წინადადებებისა უკვე წარუდგინა. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ „ჩვენ ნატო–სგან მეტი რეაგირება გვჭირდება და ალიანსში ამას აცნობიერებენო“.
გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ მოსალოდნელმა შეხვედრამ შესაძლოა, მომავალ წელს დასამტკიცებელ ხსენებულ სტრატეგიაზეც მოახდინოს გავლენა:
„ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი შედეგი ექნება მოლაპარაკებებს. ნატო შავი ზღვის მიმართ ინტერესს რომ არ დაკარგავს, გაზრდის ყოფნას და ოპერაციებს, ეს გასაგებია, მაგრამ რა მასშტაბით, რა სახით, როგორი იქნება საქართველოს და უკრაინის ჩართულობა – ამაზე შესაძლოა, მოლაპარაკებებმა მოახდინოს გავლენა. გააჩნია, რა გარანტიებს მიიღებენ რუსეთისგან“,– ამბობს ანალიტიკოსი და იქვე დასძენს, რომ რუსეთისგან გაცემული გარანტიები სანდო ვერ იქნება. შესაბამისად, მას პუტინის ხელისუფლების პირობებში დასავლეთსა და რუსეთს შორის გრძელვადიანი – „საუკუნის გარიგების“ მოლოდინი არ აქვს. ამდენად, ელის, რომ ნებისმიერი შეთანხმება იქნება მოკლევადიანი, „ტემპერატურის“ დაწევისკენ მიმართული:
„ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც მათ შორის შედგება, იქნება მხოლოდ იმგვარი, რომლის უკანაც დგას სამხედრო ძალა და სანქციები, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მყისიერად ამოქმედდება გაცხადებული გეგმა“.
ვინ დაესწრება მოლაპარაკებებს
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შესაძლო შეხვედრაზე რუსეთისა და აშშ–ის გარდა ვაშინგტონის სულ მცირე, ოთხი პარტნიორი იქნება წარმოდგენილი.
გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ ესენი იქნებიან ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, როგორც გადაწყვეტილების მიღებაში მეტი „წონის“ მქონე ქვეყნები, რადგან მათ ალიანსში სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მეტი კონტრიბუცია აქვთ. ხოლო მეოთხე ქვეყანა შესაძლოა, იყოს უკრაინის მეზობელი პოლონეთი, რადგან უკრაინაზე მიტანილი იერიში საფრთხეა მისთვისაც და სამხედრო თვალსაზრისით ის მნიშვნელოვანი დასაყრდენია ნატო–სთვის რეგიონში.
რამდენად მძლავრი პოზიციებიდან ესაუბრებიან მხარეები ერთმანეთს
დასავლეთს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს, ხოლო რუსეთს – თავხედური თავგანწირვა, რაც სარისკოა უშუალოდ პუტინისთვის და ზოგადად რუსეთისთვის, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით,– ამგვარად პასუხობს კითხვას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და განმარტავს, რომ: „მხარეებმა თავიანთი განზრახვების შესახებ განაცხადეს – რუსეთმა საკუთარი ქმედებით, მიაყენა რა ჯარი უკრაინის საზღვრებს და იქ რას იზამ, არ ვიცით. როგორც მინიმუმ, დონბასში და ლუგანსკშიც რომ შეიჭრას და იქ გამაგრდეს, ესეც დიდი დარტყმა იქნება ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება მეორე მხარეს, ამერიკამ განაცხადა სხვადასხვა სანქციების შესახებ და მას ევროპელებმაც დაუჭირეს მხარი. მათ შორის, არ არის გამორიცხული, უარი თქვან რუსეთიდან არა მხოლოდ ნავთობის, გაზის ყიდვაზეც. მსგავს შემთხვევაში, ამერიკამ უნდა მოამარაგოს ევროპა თხევადი აირით. სწრაფად ამის ორგანიზება რთული იქნება, მით უფრო, რომ ზამთარი მოდის, მაგრამ შესაძლებლობები არსებობს. აღარ გახსნიან „ჩრდილოეთის ნაკად 2“–ს და გამოვა, რომ რუსეთმა მის მშენებლობაში ტყუილად „ჩაყარა“ ფული. ამასთან, საუბარია SWIFT-იდან რუსეთის გათიშვაზე. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს დაუწესდება პერსონალური სანქციები, რომლებსაც დასავლეთში აქვთ ფინანსური ანგარიშები და უძრავი ქონება. ამას შესაძლოა, მოჰყვეს ინვესტიციების შეზღუდვები ტექნოლოგიების მიმართულებითაც, პარტნიორების, მათ შორის უკრაინის და საქართველოს იარაღით ინტენსიური მომარაგება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა“.
თუმცა ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ჯერ უცნობია, რა დოზით უმაგრებს ზურგს რუსეთს ჩინეთი და მძლავრი სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, იქნება თუ არა ის კრემლის აბსოლუტური მხარდამჭერი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ვერ იქნება დასავლეთის საპირწონე, მათ შორის თავისი ტექნოლოგიური პოტენციალით, საბანკო სისტემით, ნავთობით და გაზით ვაჭრობის კომპონენტის გათვალისწინებით და იქვე დასძენს, რომ „ეს ჯოჯოხეთური სანქციები პრაქტიკულად რუსეთის დასასრული იქნება. ამიტომ, მას სეროზული დასკვნების გაკეთება მოუწევს“.
იხილეთ ასევე: რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში
რით უნდა დაკავდეს საქართველო
8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღია აგრესიის მოლოდინში მყოფ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და სამადლობელი გზავნილიც მიიღო უკრაინელი კოლეგისგან, თუმცა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ეს არაა საკმარისი და საკითხისადმი მეტად სერიოზული მიდგომა გვმართებს. მათ შორის, ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უსაფრთხოების საბჭოს ამჯერად მაინც შეკრებას, მსჯელობის წარმართვს და გარკვეული გეგმის დასახვას.
ანალიტიკოსი შეგვახსენებს, რომ თუ სადღეისოდ კრემლი ფიზიკურად კიევს ემუქრება და ათიათასიანი ჯარი განალაგა მის საზღვრებთან, ეს საქართველოს სიმშვიდის საფუძველს სრულებითაც არ აძლევს და უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მსგავსი მობილიზების საჭიროება რუსეთს საქართველოს შემთხვევაში არ აქვს, უკვე წარმოდგენილია რა ქვეყნის ორ რეგიონში – ცხინვალსა და აფხაზეთში სამხედრო ძალით, ხოლო ჩრდილოეთით არსებობს სამხრეთის სამხედრო ოლქი.
„ამდენად, სერიოზულად უნდა მივუდგეთ საკითხს. მხოლოდ შიდა პოლიტიკური „გარჩევები“ ვერ უზრუნველყოფს ჩვენს სამშვიდობოს გასვლას“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021