„ეს იქნება დასასრული“: რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში

08-12-2021 18:21:47 ანალიზი

უკრაინის საზღვრებთან რუსული საჯარისო ნაწილების განსაკუთრებული მობილიზების ფონზე აშშ–ისა და რუსეთის ლიდერების ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა კოლეგა "მკაცრი ეკონომიკური და სხვა ზომების“ შესახებ გააფრთხილა, რომლითაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში უპასუხებენ.

კონკრეტულად რა იგულისხმება "სხვა ზომებში", თეთრ სახლში არ განუმარტავთ, თუმცა მოგვიანებით გარკვეული ინფორმაცია ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა მიაწოდა: "ჩვენ მზად ვართ, მოვიქცეთ ისე, როგორც არ მოვქცეულვართ 2014 წელს".

ირკვევა, რომ ზომები მოიცავს მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს, რეგიონში ნატო–ს მოკავშირე ქვეყნებში დამატებითი ჯარების განლაგებას, უკრაინისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას.

ინფორმაციისთვის: 7 დეკემბრის გვიან ღამით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამა მიიღო კანონი თავდაცვის შესახებ, რომელიც უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფისათვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

სალივანმა ეკონომიკური სანქციების კონტექსტში კრემლის საამაყო პროექტზე "ჩრდილოეთის ნაკად 2"–ზეც მიანიშნა: "თუ ვლადიმირ პუტინს სურს, დაინახოს გაზის გადინება ამ მილსადენში, მან არ უნდა გარისკოს უკრაინაში შეჭრა“.

BBC წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მიაღწიეს შეთანხმებას გერმანიასთან, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მილსადენის პროექტი გაუქმდეს.

ამავე წყაროს ცნობით, სხვა შესაძლო ზომები მოიცავს რუსეთის ბანკებისთვის შეზღუდვების დაწესებას რუბლის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე, რუსეთის გათიშვას "Swift"-ს გლობალური ფინანსური გადახდის სისტემიდან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა კი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას ეხებოდა, განაცხადა, რომ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს და აშშ–ის მზაობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენი შეშფოთებას იწვევს ის, რომ პუტინი სინამდვილეში შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ მიისწრაფოდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა უკრაინის საკითხზე, ნატო-ს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, საუბარი იმ სერიოზულ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ“.

იხილეთ ასევე: NATO–ს ლიდერებისა და პუტინის შეხვედრა დაანონსდა: შესაძლო შედეგები საქართველოსთვის

შეაკავებს უკვე გაჟღერებული ზომები კრემლს ჩინეთისა და ინდოეთის ფაქტორების გათვალისწინებით, რომელთაც რუსეთი შესაძლოა, დასავლეთის ალტერნატივად განიხილავდეს?

ჩინეთი და ინდოეთი ვერანაირად ვერ იქნებიან დასავლეთის საპირწონე მათ შორის თავისი ტექნოლოგიური პოტენციალით, საბანკო სისტემით, ნავთობით და გაზით ვაჭრობის კომპონენტის გათვალისწინებით,– პასუხობს კითხვას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი და იქვე დასძენს, რომ „ეს ჯოჯოხეთური სანქციები პრაქტიკულად რუსეთის დასასრული იქნება. ამიტომ მას სეროზული დასკვნების გაკეთება მოუწევს“:

ჩეჩელაშვილის აზრით, რუსეთი ცდიდა დასავლეთის მზადყოფნას „ჯოჯოხეთური სანქციების“ ირგვლივ კონსოლიდირების თვალსაზრისით:

„ვფიქრობ, მან მკაფიო პასუხი მიიღო და ეს „ცივი შხაპი“ უნდა იყოს მისთვის. ბანკი, რომელიც მოწყვეტილია "Swift"–ის სისტემას, ის საბანკო დაწესებულება აღარაა და ვერანაირი ჩინური საბანკო სისტემა, მით უმეტეს ინდური მას ვერაფერს უშველის. მთავარი ვაჭრობა მიმდინარეობს დასავლეთში და ამერიკულ დოლარში – ჩინეთი და რუსეთიც ერთმანეთთან დოლარში ვაჭრობენ. ამ პირობებში სახელმწიფოებრიობის გადარჩენა უბრალოდ წარმოუდგენელია. ამას თუ დაერთო ნავთობისა და გაზის ემბარგო და მეორად ბაზარზე რუსეთის ვაჭრობის შეზღუდვა, ეს რეალურად შოკის მომგვრელი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკაზე, რთული შედეგებით. ამას ემატება რუსეთის შიდა პრობლემები: რეგიონული, ეროვნული სეპარატიზმი, რომელიც რუსეთში ძალას იკრებს; სტრუქტურული პრობლემები, ელიტები – ნამდვილად არ აქვს კრემლს ფუფუნება, მსგავს წნეხს გაუძლოს“.

„მოითხოვე მაქსიმუმი, რათა მიიღო სასურველი“

განცხადებაში, რომელიც კრემლმა ლიდერების ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, მეორდება ვლადიმირ პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული მოთხოვნა NATO- ს აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე იურიდიული გარანტიების გაცემის შესახებ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავს გარანტიებს NATO არ(ვერ) გასცემს, რადგან ეს თავად ალიანსისთვის წარმოქმნის რისკებს და მისი ხედვით, ეს ესმით მოსკოვშიც, ამიტომ გარანტიების თაობაზე კრემლის გაჯიუტებას ის შემდეგნაირად აფასებს: „მოითხოვე მაქსიმუმი, რათა მიიღო სასურველი“.

ხოლო „სასურველი“ პეტრიაშვილის ანალიზის მიხედვით, შეეხება უფრო მოზომილ პოზიციებს მათ შორის ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიც არის საქართველო, უკრაინა, ბელარუსი:

„ასევე რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად ჩაიტუმბოს ჩრდილოეთ „ნაკადი 2“. სერიოზული თემებია სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულებით: ჟენევაში შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა ორი ჯგუფი, რომლებიც სტრატეგიულ სტაბილურობაზე დაიწყებდნენ მუშაობს, რომელიც ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლს გულისხმობს. საკითხი ასევე შეეხება კიბერუსაფრთხოებას, საელჩოებს, სირიას, ირანის – ფართო სპექტრია“.

პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ ტემპერატურის ასეთ დონეზე აწევას განსაკუთრებული დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოჰყვება და ეს მალე გამოჩნდება: მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს უნდა გიმართოს პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა. შესაბამისად, მისი აზრით, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი აღვიქვათ, როგორც სამზადისი გადამწყვეტი და განმსაზღვრელი შეხვედრისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები