
უკრაინას იარაღს ჩეხეთიც მიაწვდის
20/01/2022 18:11:17 ევროპა
რუსეთთან დაძაბული ვითარების ფონზე ჩეხეთი უკრაინას საარტილერიო საბრძოლო ჭურვებს მიაწვდის. გადაწყვეტილება მომავალ კვირაში ჩეხეთის მთავრობა დაამტკიცებს,– იუწყება ჩეხური მედია ქვეყნის სამხედრო უწყების პრესმდივანზე დაყრდნობით.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია გერმანიის არმიის შეიარაღებაში არსებულ შვედურ კონცერნ SAAB-ის მიერ გამოშვებული მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW-ზე.
ამასთან, Reuters წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ნება დართო, უკრაინას ამერიკული წარმოების ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვითი სისტემები მიაწოდონ.
იარაღის მიწოდებაზე უკრაინის უსაფრთხოების გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
უკანასკნელ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის თაობაზე, მას მერე, რაც უკრაინის საზღვართან გამაგრდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება და ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ჟენევასა და ბრიუსელში.
პარასკევს ჟენევაში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.