პოლიციელის მიერ მოზარდზე სასტიკი ძალადობის თვითმხილველები მომხდარის დეტალებს ყვებიან

25-01-2022 14:17:23 სამართალი

პოლიციელის ძალადობის მსხვერპლი სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდის ოჯახი მოძალადე სამართალდამცველებისთვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას ითხოვს.

„უნდა დაისაჯონ“– ამბობს მოზარდის დედა.

ირკვევა, რომ მოზარდი ინსპექტორის სამსახურმა უკვე გამოკითხა, თუმცა კვლავ იგეგმება გამოკითხვა.

დედის ცნობით, ძალადობის აქტი ორი დღის წინ მოხდა, როდესაც მოზარდი ძმასთან და მეგობრებთან ერთად მეტროს სადგურ „ისანში“ იმყოფებოდა.

ახალგაზრდა, რომელმაც ძალადობის მძიმე კადრები გადაიღო, „ფორმულასთან“ ყვება, რომ კონფლიქტი დაიწყო ესკალატორზე: ბიჭი იჯდა მოაჯირზე, პოლიციელმა მას მითითება მისცა, ჩამოსულიყო, ბავშვი მითითებას დაემორჩილა, თუმცა ის ესკალატორიდან ჩაიყვანეს, შეიყვანეს სპეციალურ ოთახში და იძალადეს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესს ბიჭის მეგობარი იღებდა, ის ამ გარემოებას არ სეუჩერებია.

„ვუთხარით, რომ „ყრუ–მუნჯია, ვერ გააგებინებ ვერაფერს, არ ესმის“, „ავალაპარაკებო“ – გვითხრა და როგორ აალაპარაკა, თქვენც ნახეთ კადრებში. მეორე პოლიციელი იდგა, რეაქცია არ ჰქონია და როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, სამხრე კამერით იღებდნენ ყველაფერს. ალბათ, შემდეგ უყურებდნენ და იცინოდნენ“,– ყვება ძალადობის მსხვერპლის მეგობარი.

24 იანვარს „TV პირველმა" გაავრცელა თბილისში, მეტროში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ამსახველი კადრები.

ჩანაწერში ისმის, რომ ახალგაზრდა კაცის თანმხლები პირები ცდილობენ, პოლიციას განუმარტონ, რომ მათი სამიზნე ყრუ–მუნჯია და რომ მათ კითხვებს ვერ უპასუხებს.

„ვერ ლაპარაკობს და როგორ გიპასუხებდათ?“– ეკითხება შშმ პირის თანმხლები პოლიციელებს.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ეუბნება პოლიციელი მოქალაქეს, ახალგაზრდა ოთახში შეჰყავს და მასზე ფიზიკურად ძალადობს.

ძალადობის კადრებში ჩანს, რომ იქვე დგას პოლიციის სხვა თანამშრომელი, თუმცა გავრცელებულ ფრაგმენტში ის კოლეგას არ აჩერებს.

თავდაპირველად ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო, თუმცა მოზარდის გამოკითხვის შემდეგ მუხლი გადააკვალიფიცირა და როგორც 25 იანვარს გახდა ცნობილი, ორი პოლიციელი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვანის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას",– აღწერს ძალადობის აქტს სახელმწიფო ინსპექტორი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები