„კრემლის საქმე არაა“ – პუტინი კადიროვის თავნებობაზე რეაგირებას არ გეგმავს

01-02-2022 19:37:58 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ქმედებებზე რეაგირებას არ აპირებს. ამ შემთხვევაში საუბარია კადიროვისა და იანგულბაევების ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დრამატულ მოვლენებზე, რასაც უფლებადამცველებმა კადიროვის „ისტერიკა“ უწოდეს.

პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, „რამდენადაც მესმის, პრეზიდენტს არავითარი გეგმა არ აქვს. კრემლისთვის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, თვალი მიადევნოს [მოვლენებს]. სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ ფუნქციებს ზედმიწევნით ასრულებენ“.

მისივე თქმით, თუ ჩეჩნეთის ყოფილი მოსამართლის საიდ იანგულბაევის ვაჟები ხედავენ რისკებს თავიანთი უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთში და მიმართავენ შესაბამისი საჩივრებით სამართალდამცავ უწყებებს, „ეს უკვე კრემლს არ ეხება“:

„უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები კრემლისთვის რაიმე სახის ზომების მიღების საფუძველი ვერ იქნება, მით უფრო, კადიროვის წინააღმდეგ. მედიასთან საუბარი არ წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვას“.

ჟურნალისტებმა მას შეახსენეს კადირვის კრიტიკოსებსა და მათ ნათესავებთან დაკავშირებული არაერთი ინციდენტი, რომლის შესახებაც მედია წერს, პესკოვმა კი გაიმეორა: „თუ საქმე ეხება საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის კუთხით, ეს სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაა და არა კრემლის“.

შეგახსენებთ, რომ კადიროვი იანგულბაევის ოჯახს განადგურებით დაემუქრა, მას შემდეგ კი ოჯახის რიგი წევრების მისამართით სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ამასთან, იანგულბაევების სახლიდან გაიტაცეს ყოფილი მოსამართლის ცოლი – ინსულტგადატანილი ქალი და მისი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ცნობები ამ დრომდე არაა ხელმისაწვდომი.

დეტალები საქმის ირგვლივ იხილეთ აქ.

იხილეთ ასევე:იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები