
ბადრიძე – გერმანიაზე: „როდესაც რუსეთთან ღრმა კომერციული ინტერესი გაქვს და შენი პოლიტიკური ლიდერები ხელფასს კრემლიდან იღებენ, „ისტორიული დანაშაულის“ შეგრძნების აღარ მჯერა“
02/02/2022 15:26:17 ევროპა, კომენტარი
რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ რუსული აგრესიის შეკავების კონტექსტში დასავლური ერთიანბის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მთავარი ამოცანა პრეზიდენტობის პირველივე წლებიდან დასავლური ერთიანობის შესუსტება იყო და ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ცალკეულ დასავლურ ქვეყნებთან ერთმანეთის ინტერესის საწინააღმდეგოდ. ამ კონტექსტში მან ახსენა გერმანია და მისთვის სარფიანი გარიგეგების შეთავაზება, რომელიც საერთო ევროპულ ინტერესს ეწინააღმდეგება:
„ევროკავშირში ჩამოყალიბებულ წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–იც. ეს არის გერმანული განკერძოების ერთგვარი გამოხატულება. პირდაპირ ვთქვათ, ეგოიზმის [გამოხატულება]“.
იხილეთ ასევე: „ბერლინის კედლის აშენებას დაიწყებენ“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანიას აფრთხილებს
ამასთან, მან რუსეთან მიმართებაში ბერლინის პოლიტიკაზეც ისაუბრა და არადამაჯერებელი უწოდა რიგ მოსაზრებებს მისი ჩამოყალიბების საფუძვლებთან დაკავშირებით.
„არ მჯერა რუსეთის წინაშე ისტორიული დანაშაულის შეგრძნების და პაციფიზმისა, რის გამოც თითქოს გერმანია ყველაზე აქტიურად ცდილობს, გაემიჯნოს საერთო დასავლურ პასუხს რუსული აგრესიის მიმართ: როდესაც შენ ხარ მსოფლიოში მეოთხე იარაღს გამყიდველი, ლაპარაკი პაციფიზმზე მაინც და მაინც დამაჯერებელი არ არის. როდესაც რუსეთთან გაქვს ძალიან ღრმა კომერციული ინტერესი და როდესაც შენი პოლიტიკური ლიდერები პირდაპირ იღებენ ხელფასს კრემლიდან, დიდი ბოდიში, მე აღარ მჯერა ამ რაღაც „ისტორიული დანშაულის“ შეგრძნებისა, თორემ ისტორიული დანაშაული უკრაინის მიმართ რომ აქვს გერმანიას, მე მგონი, ასეთი სხვების მიმართ ცოტაა“,– აღნიშნა ბადრიძემ „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, ევროპამ სრულიად წინდაუხედავად ჩაიყენა თავი რუსული გაზის მიმართ ერთგვარ დამოკიდებულებაში, რასაც რუსეთი ბოროტად იყენებს და სრული საფუძველი აქვს ევროპას, დივერსიფიცირებაზე იზრუნოს, მათ შორის აშშ–დან.
იხილეთ ასევე: „ჩვენს დროში არ ეწერება!“ – გერმანია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო მოკავშირეებმა მკვეთრად გააკრიტიკეს