
პუტინი – მაკრონს: „გსურთ, რომ საფრანგეთმა რუსეთთან იომოს?“
08/02/2022 08:26:47 ევროპა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მორიგ ჯერზე გამოვიდა ნატო–ს აღმოსავლეთით არგაფართოების წინააღმდეგ.
როგორც მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინის ნატო–ში გაწევრიანება ნიშნავს ევროპის ქვეყნებთან ომს.
„ნატო თვლის, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის, ხოლო ჩვენ მას რუსეთის ნაწილად მივიჩნევთ. გარდა ამისა, დოქტრინაში წერია, რომ რუსეთი მოწინააღმდეგეა და ასევე წერია ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ“,– აღნიშნა პუტინმა და დასძინა, „წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატო–ს წევრია და იქნება მცდელობა მოცემულობა სამხედრო გზით შეიცვალოს. ნატო–ს მე–5 მუხლი (კოლექტრიური უსაფრთხოების შესახებ) გაუქმებული არაა. მინდა, გკითხოთ, გინდათ რუსეთთან ომი? გსურთ, რომ საფრანგეთმა რუსეთთან იომოს? ეს ხომ ასე იქნება! ეს არა მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების საკითხია, არამედ მთელი ევროპის და მსოფლიოს!" – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ დიდი რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე კრემლმა ნატო–ს ულტმატუმი წაუყენა, მათ შორის აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე. პასუხად დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორი ქვეყნები და ალიანსები, ხოლო რუსეთის მცდელობა, დაუბრუნდეს ცივი ომის პერიოდის გავლენის სფეროებს, მიუღებელია. მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ ნატო–ს და აშშ–ის საპასუხო წერილებში კრემლის მთავარი მოთხოვნები იგნორირებული იყო, საუბრობენ რა სხვა ქვეყნების უფლებებზე, გახდნენ ნატო–ს წევრები.
„არ შეიძლება ერთი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება სხვა ქვეყნის ხარჯზე“,– დასძინა მან.
იხილეთ ასევე: