
რატომ მყარდება ლარი და როდის აისახება ტენდენცია ფასებზე
08/02/2022 12:24:45 ანალიზი, ეკონომიკა
მესამე კვირაა, დრამატულად გაუფასურებული ლარის კურსი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს – 1 აშშ დოლარის ღირებულება 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად ჩამოსცდა 3 ლარს, რამაც ერთგვარი ოპტიმიზმი გააჩინა თუმცა, იმ პირობებში, როდესაც წლიური ინფლაციის დონე 14%-ს მიუახლოვდა და ამას მოსახლეობა ყოველდღიურად გრძნობს პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაზრდილი ფასების წყალობით, აქტუალური კითხვებია – მოახდენს კი გავლენას გამყარების ტენდენცია ზემოქმედებას ფასებზე? რატომ მყარდება ლარი და არსებობს ტენდენციის შენარჩუნების კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი?
რატომ მყარდება ლარი?
„აქცენტთან“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე რამდენიმე სავარაუდო ფაქტორს გამოყოფს:
- მკაცრი მონეტარული პოლიტიკა – რეფირანსირების განაკვეთი 10,5%–ია, რაც ლარზე ზეწოლას ამცირებს და გამყარების მოლოდინები ჩნდება;
- დადებითი ტენდენციები საგარეო სექტორში – ექსპორტი გაზრდილია, ტურიზმი ნელ–ნელა იწყებს აღდგენას;
- იანვრის და თებერვლის თვეებში დაბალი ეკონომიკური აქტივობა.
უკანასკნელი ფაქტორზე საუბრისას კეპულაძე მათ შორი ყურადღებას გაურესებულ ეპიდვითარებაზე ამახვილებს:
„ხალხი იზოლაციაშია, ძალიან ჭირს დაგეგმვა – ერთი კვირის შემდეგ რა იქნება, არავინ იცის, ამიტომ ბევრი ელოდება ეკონომიკური აქტივობის გაზრდას.
ჯამში მაკრო–ეკონომიკური ტენდენციები იგივე 2020 წელთან შედარებით თავისთავად აისახებოდა ლარის კურსზე, რადგან შეიძლება, ითქვას, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. მოცემულობას თან დაერთო მოლოდინებიც: არიან კომპანიები და ადამიანები, რომელთაც დოლარი ანგარიშზე უდევთ და გამყარება–გაუფასურების ტენდენციის მიხედვით ყიდიან და ყიდულობენ“.
აქვე კეპულაძე განმარტავს, რომ ზოგადად, მოკლევადიანი მერყეობა ეკონომიკის სტრუქტურაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს, თუ გამყარების სტაბილური ტენდენცია მინიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში არ შენარჩუნდა, რადგან მოკლევადიანი მერყეობა ყველა მცურავ ვალუტას ახასიათებს.
„თუ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები გაგრძელდა, პანდემიის პიკი გადავლახეთ, გაზაფხულიდან კი ტურიზმიც წამოგვეშველა, შესაძლებელია, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდეს, მაგრამ ამის დადასტურებით თქმა შეუძლებელია: არავინ იცის, როგორი იქნება ლარის კურსი თუნდაც ერთი კირის შემდეგ“.
ფასები შემცირდება?
იმისთვის, რომ ლარის კურსმა ფასებზე ზემოქმედება მოახდინოს, ის უნდა დასტაბილურდეს, მუდმივად ცვალებადი არ უნდა იყოს, – განმარტავს „აქცენტთან“ კეპულაძე და ამბობს იმასაც, რომ გამყარების ტენდენცია თვიდან თვემდე ფასებზე აუცილებლად აისახება:
„ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70% იმპორტირებულია. თუ ლარი მყარდება დოლართან და ევროსთან მიმართებაში, ის გამოიწვევს იმპორტირებულ [დოლარში და ევროში ნაყიდ] პროდუქციაზე ფასების შემცირებას თვიდან თვემდე ჭრილში, რაც ჯამში ინფლაციაზეც დადებითად აისახება – შარშანდელთან შედარებით ფასები ძალიან არ გაიზრდება, ეს კი ეროვნულ ბანკს მისცემს საშუალებას, მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნელ–ნელა დაიწყოს და რეფირანსირების განაკვეთიც შეამციროს, რაც დადებითად აისახება ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. თუმცა ეს ყველაფერი პირობითია, რადგან რეგიონში ძალიან ბევრი გამოწვევაა: იგივე რუსეთ–უკრაინის შესაძლო კონფლიქტი. თუ დაძაბულობა სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ალბათ გვესმის, რომ ეს მაღალი პოლიტიკურ–ეკონომიკური გამოწვევა იქნება მათ შორის ჩვენთვისაც. ამასთან, ვიცით, რომ ინფლაცია მხოლოდ ლარის კურსზე არაა დამოკიდებული: საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასმა იმატა, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 90$–ს გადასცდა და ეს ყველაფერი თავისთავად მოქმედებს ფასებზე საქართველოშიც“.