
„უკრაინელებს ვალი უნდა დავუბრუნოთ“ – ზაკაევი ევროპაში მყოფ ჩეჩნებს რაზმავს
27/02/2022 00:01:36 კავკასია, ევროპა
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ემისარი ახმედ ზაკაევი უკრაინაში საომრად ევროპაში მყოფი ჩეჩნების დარაზმვას გეგმავს.
26 თებერვალს მან შესაბამისი მიმართვა გაავრცელა, მიზეზები კი საღამოს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში ასე განმარტა:
“ვისაც დღეს “კადიროველებს” უწოდებენ, კადიროველები კი არა, პუტინისტები არიან! მათი უკრაინაში გაგზავნა ცინიზმის უმაღლესი ფორმაა იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უკვე 20 წელია, პუტინის რეჟიმის მიერაა ოკუპირებული! როგორც ომგამოვლილი ადამიანი, დღეს გეუბნებით, ე.წ. კადიროველებო: თუ დღეს არ დაამარცხებთ ამ სენს – პუტინს, ხვალ თქვენს შვილებს გაგზავნიან უცხო ქვეყანაში საომრად იმ ჯალათების პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც დღეს საკუთარ ხალხს ხოცავენ! თქვენ მანქურთებად გაქციეს და არც კი გესმით, რას აკეთებთ, ან რისთვის სად გაგზავნიან! ჩვენ – ჩეჩნები ვალდებულები ვართ, დავუბრუნოთ უკრაინელებს ჩვენი ვალი, რადგან ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ჩვენს დასახმარებლად ძალიან ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა და ჩვენს მხარდამხარ ძალიან ღირსეულად იცავდა იჩქერიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას! სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან თვალის დახუჭვის გამო ჩვენ მხოლოდ15 წელი გავუძელით წმინდა წყლის აგრესიას, მერე კი აქტიური წინააღმდეგობის შეწყვეტა მოგვიწია და დღეს რუსეთს მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით ვუპირისპირდებით. მაგრამ როდესაც შევიტყვეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინაამდეგ ომის დაწყების შესახებ, ჩვენს ვალად და ვალდებულებად მიგვაჩნია, უკრაინას დავეხმაროთ. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ უკრაინამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად: 2014 წელს პოროშენკოს შევთავაზეთ გარკვეული, თუნდაც კონფიდენციალური შეთანხმების გაფორმება საიმისოდ, რომ ჩეჩენი მოხალისეები აღმოჩენილიყვნენ არმიის რიგებში, მაგრამ ეს არ მოხდა, მაშინ ვერ გავგზავნეთ მოხალისეთა საკმარისი რაოდენობა – და დღეს რუსეთი უკრაინის მიმართ ახალ აგრესიას ახორციელებს, თანაც 2014-ისგან განსხვავებით, მიზანი უკვე გაცილებით გლობალურია – უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება! ვთვლით, რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვება მთელი ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება იქნება, ამდენად, შესაძლებლობების ფარგლებში მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას მისი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვაში. დღეს ევროპაში 300 000-ზე მეტი ჩეჩენია და გარწმუნებთ, მათი ძალიან დიდი ნაწილია მზად, რუსეთს ეომოს – დღეს მათ ამის შესაძლებლობა ეძლევათ. პუტინის რუსეთის დასასრული 3 დღის წინ დაიწყო: განურჩევლად იმისა, რით დასრულდება ეს ომი, რუსეთი, როგორსაც ჯერ კიდევ 3-4 დღის წინ ვხედავდით, აღარ იარსებებს. და მაინც, უკრაინის თავისუფლება დასაცავია და რაც სწრაფად მოვახერხებთ ამის ორგანიზებას, მით ადრე გავათავისუფლებთ მთელს მსოფლიოს ამ ჭირისგან”.
ცნობისთვის: ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინაში „კადიროველები“ წარგზავნა.
იუწყებიან კიევთან კადიროვის ელიტარული დანაყოფის ლიდერი მოკვლის შესახებ.
განახლება
ჩეჩნები ევროპიდან უკრაინაში მიდიან