"მაგრად ვდგავართ!" – ქართველი მოხალისეები უკრაინაში ჩასვლას შემოვლითი გზებით ახერხებენ

08-03-2022 12:35:55 ევროპა ,საზოგადოება

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ქართველი მოხალისეები უკრაინაში სხვადასხვა შემოვლითი გზებით ჩადიან. მათ შორის არის ის ჯგუფი, რომელთაც გამგზავრებაზე პრობლემები 28 თებერვალს შეუქმნეს. ჯგუფის წევრებმა 4 მარტს განაცხადეს, რომ უკრაინაში იმყოფებიან. ისინი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდნენ. მოგვაინებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა.

მოხალისეთა ნაწილი ჰუმანიტარულ მისიაშია ჩართული, მათ შორის არიან ქართველი ექიმები, რომლებიც უკრაინელ კოლეგებს უწევენ დახმარებას, ხოლო ნაწილი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

ერთ–ერთი ქართველი მებრძოლი ვადიმ ჩხეტიანი, რომელიც ამ დროისთვის ოდესაში იმყოფება, ჰყვება, რომ ქართველი მებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი

ვოლოვახაშია. ქალაქი ამ დროისთვის ფაქტობრივად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ ნაწილს რუსული ძალები აკონტროლებენ, ხოლო მეორეს – უკრაინული.

„ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია, არაა ელექტროენერგია, ჩვენს ბიჭებთან კონტაქტზე ვერ გავდიოდი, მაგრამ ახლა ჩემი წყაროებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ისინი კარგად არიან“,– ჰყვება ჩხეტიანი.

რაც შეეხება რუსული ძალების მოქმედებებს, ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 2018 წლიდან იმყოფება, ამბობს, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობასაც არ ინდობენ:

„ფაშისტები არიან! დიდს და პატარას არ ასხვავებენ, ყველას ესვრიან, სახლებს ანგრევენ“.

ქართველი მებრძოლი, ვიცეპოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი ყვება, რომ „რუსები მიზნებს ვერ აღწევენ და გადავიდნენ მასობრივ დაბომბვაზე როგორც ალეპოში, გროზნოში – ჩვეულებრივი ხალხის მასობრივ მკვლელობაზე, მაგრამ ამით ხალხს ვერ ტეხენ. დიდი დანაკარგები აქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ აქვთ ძალები, თუმცა ქალაქში ბრძოლები მათთვის თვითმკვლელობა იქნება":

„ჩვენ კლასიკურ მანევრულ თავდაცვას ვაწარმოებთ: არის ტერიტორია, გვაქვს სტრატეგიული სიღრმე, შესაძლოა, რაღაც მომენტში უკან დავიხიოთ, მაგრამ ამით ბევრად მეტი ზიანი მივაყენოთ მოწინააღმდეგეს, რაც მათ საბოლოო ჯამში ბრძოლისუნარიანობას აკარგვინებს; იწელება მათი ლოჯისტიკური გზები. საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ ჩვენი პარტიზანული ჯგუფები, მიდის მარაგების განადგურება, რომელიც მარტივი სამიზნეა, ვიდრე დამრტყმელი ჯგუფი. რეალურად, საკმაოდ დიდი სირთულეები აქვთ ლოჯისტიკური მიმართულებით. რეალურად მათი ერთადერი კოზირი ისაა, რასაც ახლა აკეთებენ – მასობრივი დაბომბვები და სარაკეტო დარტყმები და ისიც ჩვეულებრივი მოსახლეობის, რადგან სამხედრო ნაწილებს ასე ვერ გაანადგურებენ, არაა ერთად თავმოყრილი.

მე ახლა აღმოსავლეთით ვარ. გამოიკვეთა მათი მიზანი – ჩვენი ჯგუფის ალყაში მოქცევის: დაბნეულად, სხვადასხვა მიმართულებით ცდილობენ მოწოლას, რომ სუსტი ადგილები ნახონ“.

უკრაინაში მყოფი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი „აქცენტს“ უყვება, რუსული მხარე მასობრივ დაბომბვებს ახორციელებს და მიუხედავად სისასტიკისა, უკრაინულ ძალებში მოტივაცია, დაიცვან საკუთარი ქვეყანა, უფრო და უფრო იზრდება:

„ხალხი და სამხედროები ძალიან მოტივირებულები არიან – გაერთიანდნენ. ისინი მასობრივ დაბომბვებს ახორციელებენ, მშვიდობიან მოსახლეობაშია დიდი მსხვერპლი. ოკუპანტები კიევთან ცდილობენ წინ წამოწევას, მაგრამ არ გამოსდით, მაგრად ვდგავართ. აშკარად არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას“.

შეგახსენებთ, რომ მე–13 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

იხილა ასევე: "პუტინის ძალები უფრო სასოწარკვეთილნი ხდებიან"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები