„გვაძლევენ ტყვიამფრქვევს და მხოლოდ ოთხ მჭიდს, „უკრაინელებს წაართმევთო“ – ჩეჩენი „მოხალისე“ „კადიროველების“ აღჭურვილობაზე საუბრობს

24-03-2022 17:46:11

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმ "აზოვის" ერთ-ერთმა დანაყოფმა გამოაქვეყნა ვიდეოინტერვიუ სავარაუდო ჩეჩენ სამხედრო ტყვესთან, რომელიც საუბრობს მარიუპოლის მახლობლად ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს მოუწოდებს, უკრაინასთან საომრად საკუთარი ნათესავები გაგზავნოს.

კაცი ყვება, გროზნოდან 17 მარტს აფრენილი თვითმფრინავი 18 მარტს დაეშვა მარიუპოლის მახლობლად, სადაც ის იმავე დღეს ჩავარდა ტყვედ.

„თითიც არ დაუკარებიათ, მითხრეს, სიმართლე თქვიო და მეც ვამბობ: თქვენ უკვეთ გვკვებავთ, ვიდრე ისინი – ძეხვი მოგვცეს და მორჩა. გვაძლევენ [ე.წ. ჩეჩენ მოხალისეებს უკრაინაში გაგზავნისას] ერთ ტყვიამფრქვევს და ვაზნების მხოლოდ ოთხ მჭიდს. გეუბნებიან, „იქ უკრაინელებს მოკლავ და წაართმევო“. რა, უკრაინელებს სძინავთ და ამბობენ, „მიდით, გვესროლეთო?!“. ჩეჩნებზე და რუსებზე უკეთ, გამოცდილად იბრძვიან – გამოცდილები არიან და მეტი საბრძოლო სულიც აქვთ. ასევე გავიგე, რომ აქ ჩეჩნების კოლონა თავად რუსებმა დახოცეს. გგონიათ, რომ ისინი აქ იბრძვიან? არა, ისინი შეყარეს საზარბაზნე ხორცად. კადიროვს პირველ რიგში მივმართავ, ნუ კლავ ხალხს, რატომ არ უშვებ აქ შენს ვაჟს, შენს ნათესავებს? დაე მათ იბრძოლონ. სხვებსაც უნდა ცხოვრება. „ვიბრძოლოთ რუსეთისთვისო“. რატომ? რუსეთმა უარესი დამიშავა. აქ ძლიერი ბრძოლაა. იმდენი ჩეჩენის ცხედარი ვნახე. ცხედრებს სახლშიც არ გზავნიან“,– ყვება კაცი.

იხილეთ ასევე: "ბევრ რუს სამხედროს სძულს „კადიროველები“, მათთვის ხაფანგის დადებასაც კი ცდილობენ. არ გამიკვირდება, თუ მათ შორის შეტაკებები დაიწყება"

შვედეთში მცხოვრებმა ოპოზიციონერმა ჩეჩენმა ბლოგერმა, ტუმსო აბდურახმანოვმა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ამავე მოხალისის ფოტო, რომელზეც იგი აღბეჭდილია სამხედრო ფორმით და საარმიო ზურგჩანთით. ამოსაცნობ ნიშნებს შორის ფოტოზე ჩანს მხოლოდ სამკლავური, რომელზეც ჩეჩნეთის დროშაა გამოსახული. რუსეთსა და ჩეჩნეთში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სხვათა შორის, უკრაინაში ჩეჩნეთიდან გაგზავნილი მებრძოლების არაპროფესიონალიზმისა და ცუდი მომზადების შესახებ პრორუსი სეპარატისტების ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ ისაუბრა, თუმცა შემდეგ საკუთარი სიტყვები უარყო.

უკრაინაში გაგზავნილი ჩეჩენი მებრძოლების მოტივაციაზე ცნობილ რუს ჟურნალისტს ალექსანდრ ნევზოროვსაც ჰკითხეს.

„ეს არის ხალხი, რომელიც ისტორიული მეხსიერებით, ტრადიციებით ცხოვრობს, რომელიც დაფუძნებულია ძველ და არც თუ ძველ მოვლენებზე. არაფერს არ წერენ, მაგრამ ინახავენ საკუთარ ეთნოს, საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ განსაკუთრებულობას. მაგრამ ვიყავი რა მოწმე და მონაწილე იმის, რაც ხდებოდა ჩეჩნეთის ორივე ომში, რად აქცევდა რუსეთი ჩეჩნეთს, რა რისხვით, ბარბაროსულად, მოუთმენლად, ხარბად ახორციელებდა საკუთარ ქმედებებს, არანაირად არ გამომდის, გავიგო და დავიჯერო რუსეთისადმი დღევანდელი მსახურების გულწრფელობა ჩეჩენი ხალხის. ჩემთვის გაუგებარია, ასეთი რამ როგორ შეიძლება, დაივიწყო; როგორ უნდა გადახვიდე მთელი ძალებით, ემოციებით გადახვიდე იმის მხარეს, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ ასეთ რამეს სჩადიოდა ჩეჩნეთში. ვეჭვობ, საქმე გვაქვს აღმოსავლურ, კავკასიურ პირფერობასთან, რომელიც მოულოდნელად მიბრუნდება იმ მხარეს, რომლის წინასწარმეტყველებაც ჩვენ არ შეგვიძლია“,– ამბობს ჟურნალისტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები