ფრიდი – რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად საქართველოს შესაძლო გამოყენებაზე: "ვეჭვობ, აშშ-მა რაღაც იცის"

30-03-2022 18:14:29 კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დანიელ ფრიდი რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად საქართველოს შესაძლო გამოყენებაზე რიგი დიპლომატების განცხადებებს ეხმიანება.

"დეტალები არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ აშშ-მა რაღაც იცის. საქართველოს მთავრობა საშინლად იყო მიდრეკილი ამ მხრივ [სანქციებთან დაკავშირებით] კრემლის ხედვისკენ. სანქციების თავიდან აცილებას, ან რუსებისთვის დახმარების გაწევას, აირიდონ სანქციები, შეიძლება, შედეგები მოჰყვეს", – განუცხადა "აქცენტს" ფრიდმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აშშ–ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტის ავტორია.

სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე კი მისი შეფასება ასეთია:"ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება შენიშნავდა საქართველოს მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში, რომლებიც პუტინის ომს აპროტესტებდნენ".

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნამა შემდეგი განაცხადა:

"არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" კომპანიებისა და პირების მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით".

მოგვიანებით, პარლამენტში დეპუტატებთან მიმართვის დროს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა იმედი გამოთქვა, რომ "უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დროს საქართველოში არ იქნება, ტაჯიკეთის მსგავსად, "შავი ხვრელი" ბიზნესისთვის".

ამავე თემაზე: საქართველო და „შავი ხვრელის“ პერსპექტივა

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს. საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა:

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკრაინაში დიპლომატიურ დაწესებულებებს (საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში) არ კეტავს. ამასთან, საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა; გარდა ამისა, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე; ქვეყანამ თანასპონსორობა გაუწია გაერო–ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ; ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე საქაღთველომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას; საქართველო მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ; გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა ეროვნული განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ამასთან, თბილისი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ მკაფიო პოზიციას იკავებს, მათ შორის გაერო–ში. გუშინ საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გრდა ამისა, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას უწევს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ ვიზიტორებსა და ლტოლვილებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები