თურქეთის ელჩი საქართველოსთან დაკავშირებით რუსი სენატორის პროვოკაციულ განცხადებას პასუხობს
01/04/2022 19:24:38 პოლიტიკა
საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი კლიმოვის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებას ეხმიანება.
„თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ცხადია. ეს არის თურქეთის ოფიციალური პოზიცია და ყოველთვის ასე იქნება",– განაცხადა ელჩმა „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას.
მანამდე ანდრეი კლიმოვმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებლ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში მონაწილეობს, თავის Telegram-არხში შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა:
"გამორიცხული არაა, მსგავსი მოვლენების ფონზე აჭარამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მიბაძოს და დაიწყოს საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა. ისტორიული (პროთურქული), რელიგიური (მუსლიმური) და გეოგრაფიული (ზღვით თურქეთს ესაზღვრება) გარემოებების გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ანკარა ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას, აჭარელი სეპარატისტების დახმარებით შავიზღვისპირეთში თავისი გავლენა გაზარდოს".
რუსული პროპაგანდისტული მედია, ისევე, როგორც საქართველოში მომრავებული პრორუსული მედია- და სხვა ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ყალბ ნარატივს "თურქული ექსპანსიის საფრთხის" თაობაზე, კერძოდ, ცდილობენ, დააშინონ მოსახლეობა იმით, თითქოს "თურქეთი - აჭარის მიტაცებისკენ", "თურქი ინვესტორები საქართველოს ეკონომიკის ხელში ჩაგდებისკენ" ისწრაფვიან, ქართული ქალაქები კი "თურქი ტურისტებითაა გადავსებული და ეს სულ აგენტურაა".
DFRLab-ის კვლევის თანახმად, ერთ-ერთი მსგავსი ყალბი თეორია ეხებოდა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს. კერძოდ, სადეზინფორმაციო პროპაგანდა ირწმუნებოდა, რომ თურქეთი 2021 წელს ყარსის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ აუცილებლად დაიპყრობდა ბათუმს. არადა რეალურად, ეს შეთანხმება უვადოა.
კრემლისტურ მედიაში სისტემატიურად აქვეყნებდნენ შეთითხილ სტატიებს სენსაციური სათაურებით, როგორიცაა, მაგალითად, "თურქეთის ექსპანსია: ვინ და რისთვის ყიდულობს რეალურად საქართველოს"; "როგორ ახდენს თურქეთი საქართველოს ოკუპაციას", "თითქმის გათურქებული საქართველო: როგორ აწესებს თურქეთი აჭარაზე კონტროლს" და ა.შ.
მედიის განვითარების ფონდის (MDF) წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს თურქოფობიის გაღვივება პრორუსული "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მის საარჩევნო რეკლამაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ "აჭარა თურქეთის მიერაა ოკუპირებული».
ეს - იმ დროს, როცა 2021 წელს თურქეთზე რეალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 5.6% (64.7 მლნ დოლარი) მოდიოდა, ვიზიტორების რაოდენობით კი თურქეთი პანდემიის წინა პერიოდში, 2019 წელს მხოლოდ მეოთზე ადგილზე იყო, ხოლო 2020-2021 წ.წ. მართალია, ლიდერობდა, თუმცა თურქეთის მოქალაქეთა წილი 19%-ს არ აღემატებოდა.
იხილეთ ასევე:
- რეგიონში ამჟამინდელი „დუღილის“ ფონზე საქართველოში ახალი ანტითურქული პროპაგანდისტული გზავნილები ყალიბდება
- "NATO-ში გაწევრიანებაში ჩვენი #1 მოკავშირე თურქეთი უნდა იყოს, კომპლექსები რომ არ გვქონდეს"
- რატომ არ უნდა დავსვათ ტოლობის ნიშანი თურქეთსა და რუსეთს შორის


