"მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, ვის შეარჩევს სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობებზე"

14-04-2022 13:20:53 ანალიზი ,კომენტარი

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წინაპირობას ამერიკელი ექსპერტები ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, ვის შეარჩევს სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობებზე.

"უკრაინა არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ იმისათვის, რომ გადარჩეს. უკრაინელები იმსახურებენ ყველანაირ მხარდაჭერას, რაც კი შეგვიძლია, რომ მათ გავუწიოთ. მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, ვის შეარჩევს სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობებზე. ხოლო „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, სურთ თუ არა უკრაინაში ვიზიტი", – განუცხადა "აქცენტს" ნატო–ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში, ექსპერტი თავდაცის საკითხებში ეველინ ფარკასი, "აქცენტთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მიერ პოლიტიკურ ვენდეტებზე ფოკუსირება მხოლოდ ასუსტებს საქართველოს წინააღმდეგობას პუტინისა და პუტინიზმის მიმართ და, რა თქმა უნდა, არ ეხმარება უკრაინას“.

"ახლა არის ეგზისტენციალური მომენტი დემოკრატიისთვის უკრაინაში, საქართველოსა და მთელ ევროპაში, ევრაზიაში და მსოფლიოში. დროა, ფოკუსირება მოვახდინოთ პრეზიდენტი პუტინისა და მისი აგრესიული, კრიმინალური საგარეო პოლიტიკის დამარცხებაზე უკრაინისთვის დახმარების გაწევით, რათა ქვეყანამ ბრძოლის ველზე გაიმარჯვოს და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი. ეს უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ყურადღების ცენტრში, რადგან თუ პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს უკრაინაში, საქართველო სავარაუდოდ, კრემლის შემდეგი მსხვერპლი იქნება. საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ პოლიტიკურ ვენდეტებზე ფოკუსირება მხოლოდ ასუსტებს საქართველოს წინააღმდეგობას პუტინისა და პუტინიზმის მიმართ და, რა თქმა უნდა, არ ეხმარება უკრაინას“, – განუცხადა "აქცენტს" ფარკასმა.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორის ჯონ ჰერბსტის განცხადებით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობა ქართულ დემოკრატიას აზიანებს".

"განსხვავებები პოლიტიკურ პარტიებს შორის რა თქმა უნდა, არსებობს და უნდა იყოს, მაგრამ ისინი უნდა იყოს გამოხატული პატივისცემის ფარგლებში. „ქართული ოცნების“ ეს მოთხოვნა პრობლემის კიდევ ერთი მაჩვენებელია", – განუცხადა ჰერბსტმა "აქცენტს".

ცნობისთვის: 11 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ერთ-ერთი წინაპირობა არის უკრაინის ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება. მან ყველაზე "ყველაზე პრინციპულ საკითხად" დაასახელა, რომ "დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი".

"ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამია, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო",- განაცხადა კობახიძემ.

12 აპრილს კობახიძემ აღნიშნა, რომ მას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოუთხოვია.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაეგმზავრებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები