„ნაცისტები ტყვეებში არ უნდა გავცვალოთ“ - ვოლოდინი „აზოვსტალიდან“ გაყვანილებზე

17-05-2022 20:41:20 ევროპა ,მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ მარიუპოლის "აზოვსტალიდან" გაყვანილი სამხედროები ტყვეებზე არ უნდა გაიცვალონ.

„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა გავცვალოთ, ესენი არიან ომის დამნაშავეები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“, – ამგვარია ვიაჩესლავ ვოლოდინის არგუმენტი.

სახელმწიფო სათათბიროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვოლოდინმა დაავალა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს, მოამზადონ შესაბამისი საპროტოკოლო ინსტრუქცია:

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს მოეპყრონ ჰუმანურად, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს ტყვეებს. მაგრამ რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა იყოს“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 264 უკრაინელი ჯარისკაცი „აზოვსტალის“ კომბინატიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონბასის რეგიონშია ევაკუირებული.

ქარხნიდან გაყვანილი ჯარისკაცების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს რუს ტყვეებში გაცვლიან. ევაკუაციის პროცესში გაერო და წითელი ჯვარი ჩაერთნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების მიმართ უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ გაიცა პერსონალის სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება.

იხილეთ ასევე: სულ მცირე, 7 ავტობუსი უკრაინელი დამცველებით ტოვებს „აზოვსტალს“ რუსების მეთვალყურეობის ქვეშ - Reuters

ახალი ამბები

სხვა სიახლეები