
მედვედევი – უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე: "შეერთების ნებას ვერ უგულებელვყოფთ"
03/06/2022 06:41:55 კონფლიქტები, მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, ექსპრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შეერთებაზე ისაუბრა.
"რაც შეეხება ადამიანთა ნებას, რომლებიც ამ რესპუბლიკების (ე.წ. დონეცკის, ლუგანსკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს) ტერიტორიებზე, სხვა ტერიტორიული ერთეულეზე ცხოვრობენ, ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაანალიზებთ ამ ნებას და მივიღებთ გადაწყვეტილებებს რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად", – უპასუხა მედვედევმა შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მზად, რომ უკრაინის ხერსონის ოკუპირებული ოლქი და საქართველოს ცხინვალის რეგიონი შეიერთოს.
მედვედევის თქმით, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის რუსეთთან შეერთების "ნების უგულებელყოფა შეუძლებელია" და განხორციელებისთვის საჭიროა მათი ფორმულირება.
"ამ ნების უგულებელყოფა შეუძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი საკითხები განიხილებოდეს, საჭიროა ამ ნების ფორმულირება", – აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთთან შეერთებაზე საუბრობდა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოლქის, ხერსონის მარიონეტი მეთაური, ასევე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იგეგმებოდა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა.
ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების თაობაზე "რეფერენდუმის" თარიღად 17 ივლისი დაასახელა. თუმცა ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ჯერ განაცხადა, რომ საკმარისი ფინანსური სახსრები არ ჰქონდათ, რამდენიმე საათის შემდეგ კი პროცესი შეაჩერა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.
მისი თქმით, რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.
იხილეთ ასევე: „აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ“ – რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა