„მხოლოდ ევროპის პოლიტიკური ლიდერების გონიერების იმედი მაქვს, რომ საქართველოს რუსეთის „უკანა ეზოში“ არ ჩატოვებენ“
17/06/2022 08:19:01 პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლების აქტიურობის არა, მაგრამ ევროპელი ლიდერების გონიერების იმედი აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელ თინა ხიდაშელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზე ბლოკის გადაწყვეტილების მოლოდინში. ცნობილია, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებისთვის რეკომენდაციები სამ განმცხადებელთან დაკავშირებით დღეს უნდა გასცეს, თუმცა ქართულ საექსპერტო (და არა მხოლოდ) მოლოდინები არც თუ ოპტიმისტურია. ზოგადი ფონი კიდევ უფრო დაამძიმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებამ, რომელმაც საქართველო „გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“ მონიშნა. ამასთან, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის ლიდერებს კიევში ვიზიტისას კანდიდატის სტატუსის კონტექსტში უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო არ უხსენებიათ.
იხილე ასევე: „დამაბნეველი!“, „გამაოგნებელი!“ – როგორ აღიქვეს მაკრონის პოზიცია საქართველოში
„იმედს ვიტოვებ, რომ როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების ჯერი დადგება – 24 ივნისს, ევროპის პოლიტიკური ლიდერები საქართველოს არ ჩატოვებენ რუსეთის უკანა ეზოში. ეს არის ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს. მათი გონიერების იმედი მაქვს, რადგან გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში, მაშინ, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით, ხვეწნა–ვედრებით უნდა ევლო ჩვენს ხელისუფლებას ბრიუსელში. სამწუხაროდ, ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებით“,– განაცხადა ხიდაშელმა თემის კომენტირებისას.
იხილეთ ასევე: უკრაინა-მოლდოვას – კანდიდატის სტატუსი ახლავე, შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს – პირობები და სამომავლო შანსი?


