Accentnews.ge
საბანაძე: „პერსპექტივას არ აღიარებდნენ, საქართველოს გეოგრაფია რომ დაეწუნებინათ! გვაქვს შანსი, კანდიდატ ქვეყნებს დავეწიოთ!“

საბანაძე: „პერსპექტივას არ აღიარებდნენ, საქართველოს გეოგრაფია რომ დაეწუნებინათ! გვაქვს შანსი, კანდიდატ ქვეყნებს დავეწიოთ!“

23/06/2022 14:05:05 კომენტარი

დიპლომატი, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მოლოდინში ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ევროკავშირიდან საქართველოსთან მიმართებაში წამოსულ კომუნიკაციას. ამ კონტექსტში ახსენებს ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მიერ 23 ივნისს გაკეთებულ განცხადებებს. კერძოდ, მათ საქართველო კვლავ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ახსენეს.

მიუხედავად იმისა, რომ საბანიძე ევროკავშირის საბჭოსგან, რომელიც დღეს შეიკრიბა, ევროკომისიისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ ელის (საქართველო მიიღებს პერსპექტივას და პოტენციურ კანდიდატობას კონკრეტული წინაპირობებით, ხოლო მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუს პირობებით), კომუნიკაციაში სამივე ქვეყანაზე ხაზგასმა, რომ ევროკავშირისკენ გზა ჩაკეტილი არ არის.

ამასთან, დიპლომატი ხაზს უსვამს საქართველოს კონტექსტში პერსპექტივის აღიარების მნიშვნელობას და ეხმიანება მმართველი გუნდის ნარატივს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი თითქოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვერ მიიღო. თავის მხრივ ეს ნარატივი ეყრდნობა საფრანგეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ განცხადებას, რომ „საქართველო გეოპოლიტიკურად სხვაგანაა“. თუმცა ამ შემთხვევაშიც მაკრონმა ახსენა გეოპოლიტიკა და არა გეოგრაფია, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ საზოგადოებას.

„პერსპექტივას არ აღიარებდნენ, საქართველოს გეოგრაფია რომ დაეწუნებინათ! 49–ე მუხლი [ითვალისწინებს ახალი წევრების მიერთებას ევროპის კავშირთან] საქართველოზე არ გავრცელდებოდა! ერთ–ერთი წინაპირობაა, რომ ქვეყანა უნდა იყოს გეოგრაფიულად ევროპაში. ჩვენ ასოცირების შეთანხმებაშიც გვიწერია, რომ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა ვართ! აქ კითხვები არ არსებობს და ამაზე სპეკულირება დამაზიანებელია!“.

დიპლომატი განმარტავს, რომ საქართველოს რჩება შანსი, ძალიან მოკლე ვადაში დაეწიოს კანდიდატ ქვეყნებს:

„2022 წლის ბოლო ძალიან მოკლე ვადაა. ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო. ყველას კარგად ესმის როგორც უკრაინა–მოლდოვის, ისე საქართველოს კონტექსტში, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მაგრამ აქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის სამი თვის წინ. ეს დაიწყო, მაგრამ რამდენად სწრაფად გავივლით ამ პროცესს, სრულად ჩვენზეა დამოკიდებული.

გვაქვს კონკრეტული ვადები და პირობები. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დავეწიოთ და მივიღოთ იგივე სტატუსი – გავუთანაბრდეთ მოლდოვას და უკრაინას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამეული [ასოცირებული ტრიო, რომელიც საქართველოს ინიციატივით შეიქმნა – რედ.] არ დაიშალოს. ჯერ–ჯერობით სიმბოლურად, კომუნიკაციაში სამეულს ინარჩუნებენ და ეს არ უნდა დაიშალოს. თუ ჩამოვრჩით და ისე მოხდა, რომ მოლდოვამ და უკრაინამ თავიანთი ვალდებულებები შეასრულეს და დაიწყეს გაწევრიანების პროცესი (ჩვენ კი სტატუსიც არ გვექნება), კიდევ უფრო ვშორდებით. ამიტომ, საჭიროა, დავეწიოთ და პოლიტიკური რეგიონი, რომელიც შეიქმნა და გულისხმობს უკრაინა–მოლდოვა–საქართველოს, არ დაიშალოს და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა“.

როგორც დიპლომატი განმარტავს, ბრიუსელში ესმით, რომ ექვს თვეში ყველა რეფორმა შესაძლოა, ბოლომდე ვერ მივიდეს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებისგან პროცესის დაწყებას და სწორ გზავნილებს ელიან, რომ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება, თუმცა სადღეისოდ მოცემულობა განსხვავებულია – მსგავსი გზავნილები არ ისმის.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომლის გვარიც ოლიგარქის სტატუსით ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა, ხოლო შემდეგ ევროკომისიამ გასცა დეოლიგაქრიზაციის შესახებ რეკომენდაცია,დიპლომატი ამბობს:

„მჯერა, რომ დღეს რომ ყოფილიყო თუნდაც ივანიშვილის პირობებში ორი წლის წინანდელი საქართველო, კანდიდატის სტატუსს მივიღებდით. ამ ორი წლის განმავლობაში სიტუაცია გაუარესებულია თუნდაც კომუნიკაციის დონეზე, დემოკრატიის უკუსვლის, რეფორმების, მედიათავისუფლების ხარისხის მიმართულებით. ამბობენ, რომ არსებობს ოპოზიციური მედია და ა.შ. ეს თავისუფლება არაა. თავისუფლებაა, როდესაც შევძლებ პირველ არხზე, „იმედზე“ მისვლას – როცა სივრცე ღიაა და არა პოლარიზებული. ეს კრიტერიუმია და ეს გადამწყვეტია!“.

ამასთან, დიპლომატი ხაზგასმით აღნიშნავს რომ ხელისუფლებამ ანტიევროპული რიტორიკა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს:

„დღეს საქართველო ხელისუფლება ანტიევროპულ რიტორიკას აწარმოებს! ამის ნაწილია არა მხოლოდ ის, რომ გარკვეული ევროპარლამენტარები არიან მიზანში ამოღებული, ასევე ის, რომ „საქართველო უსამართლოდ დაიჩაგრა და დაიჩაგრა იმიტომ, რომ ევროკავშირს და მის უკან მდგომ აშშ–ს ქვეყნის ომში ჩათრევა უნდაო“. ეს პირდაპირ ანტიევროპული პროპაგანდაა, რომელიც ძალიან აზიანებს ქვეყანაში შესაბამის განწყობებს. პარადოქსულია, რომ ამ ნარატივის გავრცელება ხელისუფლების მხრიდან ხდება. ეს უნდა შეიცვალოს! არავის უნდა საქართველოს ომში ჩათრევა, მით უმეტეს ევროკავშირს: მას როგორ უნდა უნდოდეს კიდევ ერთი არასტაბილური კერა, მაინც მისი მოსაგვარებელი იქნება ეს საკითხი?! ეს სრულიად აბსურდული ბრალდებაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“,– განმარტავს საბანაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დიპლომატი აღნიშნავს, რომ კრიტიკის მიუღებლობა პოლარიზაციის კომპონენტია და რომ დეპოლარიზაცია არ ნიშნავს ამა თუ იმ პარტიების მიერ პრინციპების დათმობას, არამედ ნიშნავს, ერთად დასხდომას, მსჯელობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და როდესაც მსგავსი საუბრის სივრცე არ არსებობს, სწორედ ესაა პრობლემა, ბრიუსელში კი მოლოდინია, რომ განსაზღვრული პირობების შესრულების პროცესი, რომელიც წლის ბოლოსთვის შეფასდება, იქნება ინკლუზიური და მრავალპარტიული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S