მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ევროკავშირს ჩვენთვის სანქციებთან შეერთება არ მოუთხოვია"

29-06-2022 18:00:41 ევროპა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ამბობს, რომ ევროკავშირს მოლდოვისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების პირობა არ დაუყენებია.

„თქვენ ნახეთ ევროკავშირის რეკომენდაციები იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ევროკავშირის მოთხოვნებს შორის სანქციებთან შეერთება არ არის“, – უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მინისტრმა.

მისი თქმით, მოლდოვა განიხილავს ევროკავშირთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საპასუხო ნაბიჯებს.

„პარტნიორებთან ბევრჯერ განვიხილეთ სანქციებთან დაკავშირებით მოლდოვის პოლიტიკა და მათთან კოორდინაციაში ვიყავით. და ეს პოლიტიკა ხელს არ უშლის ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს. კანდიდატის სტატუსის მიღება საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ საგარეო პოლიტიკისადმი ჩვენი მიდგომით მოლდოვა თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ“.

მანამდე მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოლდოვა მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან სტატუსი და ქვეყნის ევროპული მისწრაფებები ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმართ სოლიდარობას ითხოვს.

დღეს "ოცნების" ყოფილმა წევრმა დეპუტატებმა ანტიდასავლური შეთქმულების თეორია გამოაქვეყნეს. მათ კანდიდატის სტატუსს უწოდეს „სათაგური“, რომელშიც საქართველოს თავი შეაყოფინეს და რომელიც თურმე მოგონილია იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩართონ ან რევოლუციური სცენარი განავითარონ.

ისინი საუბრობენ მოლდოვაზეც:

"ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს".

მათი ვერსიის მიხედვით, საქართველო ექვსი თვის შემდეგაც ვერ მიიღებს სტატუსს, თუ არ ჩაერთო ომში ან რუსეთს არ დაუწესა სანქციები, რაც მათი ხედვით, ომისკენ მიმავალი გზაა.

იხილეთ ასევე: რა მისიით დატოვა სამეულმა პარტია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები