
CNN - რუსეთი 2 ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოითხოვს აშშ–მა რუს იარაღით მოვაჭრესთან ერთად ხანგოშვილის მკვლელიც გადასცეს
29/07/2022 19:49:35 სამართალი, მსოფლიო
რუსეთი მოითხოვს, რომ აშშ–მა მოსკოვისთვის გადასაცემი ტყვეთა სიას კიდევ ერთი პირი დაამატოს, – იუწყება CNN.
კერძოდ, გამოცემის ცნობით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები 2 ამერიკელის – კალათბურთის ვარსკვლავის ბრიტნი გრინერისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის პოლ უელანის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოითხოვენ ვაშინგტონმა მოსკოვს რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტთან ერთად საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვიც გადასცეს.
"მოთხოვნა პრობლემურად განიხილებოდა რამდენიმე მიზეზის, მათ შორის – იმის გამოც, რომ კრასიკოვი გერმანიაში იხდის სასჯელს", – იტყობინება CNN წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემას გერმანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, "კრასიკოვის თემა აშშ–ის წარმომადგენლებს გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსნებთან არასოდეს განუხილავთ და კრასიკოვის პროცესში ჩართვა სერიოზულად არ განიხილება".
CNN–მა თემაზე კომანტარის თხოვნით სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, სადაც შემდეგი აღნიშნეს:
„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ საუკეთესო შესაძლებლობა წარმატებული შედეგისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ საჯარო კომენტარის გაკეთებას რაიმე სპეკულაციაზე“.
ვიქტორ ბუტი
იგი რუსი იარაღით მოვაჭრეა. იგი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით მისი ექსტრადიცია მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ სცნო და მას 25–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო".
ბრიტნი გრინერი
იგი კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავია. 31 წლის გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება – კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის, რაც კრიტიკოსების ვარაუდით, მოსკოვის მცდელობაა, ვაშინგტონისგან დათმობები მიიღოს უკრაინაში ომის ფონზე.
პოლ უელანი
პოლ უელანი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანია. იგი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. უელანი ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა. იგი ავტონაწილებით მომარაგების ამერიკული კომპანიის გლობალური უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, როდესაც დააკავეს. პოლ უელანი და მისი ნათესავები ამტკიცებენ, რომ რუსეთში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდნენ. მას 2020 წლის მაისში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 51 წლის უელანი სასჯელს მოსკოვიდან 350 კილომეტრით მოშორებულ მორდოვის რეგიონში, # 17–ე კოლონიაში იხდის. ეს რეგიონი ისტორიულად ცნობილია, როგორც რუსეთის უმკაცრესი ციხეების ადგილი, მათ შორის საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრების ბანაკების ადგილი. პოლ უელანი ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს და ციხის მცველებს მისდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. აშშ-მა რუსეთის ხელისუფლება უელანის მიმართ “სამარცხვინო მოპყრობის” გამო არაერთხელ გააკრიტიკა.
ვადიმ კრასიკოვი
გამოცემა The Insider, დამოუკიდებელი ჯგუფი Bellingcat და ჟურნალი Der Spiegel იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკველელი ვადიმ კრასიკოვი, ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.
ბერლინის სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განახორციელა. 2021 წლის დეკემბერში კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
მოგვიანებით, ბერლინის სასამართლოს განაჩენს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ლავროვის უწყებამ მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კავშირის შესახებ ბრალდებები "კატეგორიულად უარყო" და მათ "სრულიად უსაფუძვლო, რეალობას მოწყვეტილი" უწოდა, თავად ხანგოშვილს კი - "ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული ბანდფორმირებების ერთ-ერთი ლიდერი".
"რუსეთი ღრმადაა იმედგაცრუებული გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ორი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. ბერლინში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს", – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
ცალკე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც ხანგოშვილის საქმე "პოლიტიზირებულად" მოიხსენია.
ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.