ზელენსკიმ დაასახელა ქვეყანა, რომელიც უკრაინას რუსეთთან ომში ყველაზე მეტად დაეხმარა

24-08-2022 21:57:29

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების 3 მლრდ დოლარის ახალი პაკეტის გამოყოფის გამო.

"ყველა ქვეყნის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველაზე დიდი დახმარება უკრაინას, როგორც ვიცით, აშშ-მა აღმოუჩინა. ისინი ყველაზე მძლავრები არიან ეკონომიკურად და პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით და ალბათ, ყველას გვესმის, რომ უკრაინას, მათ შორის, ესაჭიროება ფინანსური დახმარება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და ა.შ გარდა ამისა, უდავოდ, დღეს გვესაჭიროება იარაღი ბრძოლის ველზე და ამერიკული დახმარების პაკეტები ამაში დაგვეხმარება. მადლიერები ვართ ამერიკის, მისი კონგრესის ორპალატიანი მხარდაჭერის, პირადად პრეზიდენტ ბაიდენის. ერთმანეთისგან დიდი მანძლი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ ერთი და იგივე ფასეულობებისთვის ვიბრძვით" - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ უკრაინას დამატებით 2,98 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა.

მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთი 775 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტით გათვალისწინებული შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა.

აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები