
უკრაინა ხერსონთან და მის შემოგარენში რუსული სამიზნეების განადგურების თაობაზე იუწყება
31/08/2022 06:17:15 მსოფლიო
უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონზე კონტრშეტევას აგრძელებს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის მიერ წუხელ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქალაქ ხერსონთან და მის შემოგარენში სარაკეტო-საარტილერიო იერიში მიიტანეს რუსული ჯარების მართვის 4 პუნქტზე, ავიაციამ კი 16 დარტყმა მიაყენა საბრძოლო მასალების საწყობებს და განადგურებულია 117 სამხედრო მოსამსახურე და 30-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა.
მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ისევ მიიტანეს სარაკეტო-საარტილერიო იერიში ხერსონის ოლქის ძირითად საავტომობილო ხიდებზე. კერძოდ, სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში (30 აგვიტოს) შეტევა განახორციელეს კახოვკის, დარივსკის და ანტონოვკის ხიდებზე, რომელთა დაზიანების ხარისხი მაქსიმალურად ზღუდავს მათ გამოყენებას.
იხილეთ ასევე: ომის 189–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
30 აგვისტოს უკრაინული სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა, რომ ოკუპანტების ჯარი ხერსონის ოლქში ალყაშია მოქცეული.
"შემიძლია, დავადასტურო ზუსტი წერტილოვანი დარტყმები მოწნააღმდეგის ცოცხალი ძალის საყრდენ პუნქტებსა და თავშეყრის ადგილებზე, შეიარაღებასა და ტექნიკაზე ხერსონის ოლქის რიგ რაიონებში, ასევე ის, რომ "ქირურგიული" დარტყმების შედეგად პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ყველა დიდი სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი, დარჩენილია მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. ამ მოქმედებების შედეგად რუსული არმია მოწყვეტილი აღმოჩნა ყირიმის ტერიტორიიდან და ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროდან პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების მიწოდებებს" - განაცხადა იანუშევიჩმა.
მან მოუწოდა მოსახლეობას, "სიმშვიდე შეინარჩუნოს და უკრაინელ სამხედროებს მუშაობაში ხელი არ შეუშალოს".
"უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში ერთდროულად ყველა მიმართულებით გადავიდნენ შეტევაზე. მოდით, მშვიდად დაველოდოთ და მათ საქმის კეთება ვაცალოთ. ინფორმაცია ბევრია, მაგრამ ახლა სიჩუმის შენარჩუნება სჯობს, რათა ჩვენს ჯარს არ ვავნოთ" - დასძინა მან.
29 აგვისტოს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფება „კახოვკა“ იუწყებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS) უკვე გაანადგურეს ხერსონის მახლობლად მდებარე პრაქტიკულად, ყველა დიდი ხიდი.
"ბრძოლის შედეგად ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა თავის პოზიციები დატოვა, ხოლო რუსი მედესანტეები, რომლებიც პოლკს ეხმარებოდნენ ბრძოლის ველიდან გაიქცნენ", – იტყობინებოდა „კახოვკა“.
მოგვიანებით, CNN იუწყებოდა, რომ უკრაინელებმა ხერსონის მიდამოებში ოთხი სოფელი დაიბრუნეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის იერიშის დაწყება, მაგრამ ირწმუნება, რომ კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა და მისმა ძალებმა უკრაინელებს დიდი ზარალი მიაყენეს:
„მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“.
მანამდე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აკსენოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ ცნობა „უკრაინული პროპაგანდის მორიგი „ფეიკია.“
ამავე დროს, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული „ხელმძღვანელის მოადგილემ" იური სობოლევსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. კახოვკის რაიონში რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის" ვლადიმირ ლეონტიევის თქმით, ნოვაია-კახოვკის მცხოვრებლებისთვის გამოცხადებულია ევაკუაცია სამუშაო ადგილებიდან, „ხალხი იმყოფება ქალაქში, თავშესაფრებში, რადგან განგაშის ხმა არ წყდება".
გასულ ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ, ან ტყვედ ჩაბარდნენ.
ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.