
ბჟანია – ბიჭვინთაზე: "მიწის რაიმე ფორმით გასხვისებაზე ლაპარაკიც ზედმეტია"
01/09/2022 14:34:51 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის ბიჭვინთაში არსებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთის გადაცემას შეეხება.
ბჟანიას თქმით, "აფხაზეთში მიწის არანაირი სახით გასხვისებაზე ლაპარაკიც კი არ არის".
"მოგმართავთ, საზოგადოებაში გაჩენილ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც სპეკულაციებით, ჭორებითა და ბანალური სიცრუითაა გამოწვეული ე.წ „მიწის გაყიდვის“ თემაზე. ჭორებზე კომენტარის გაკეთების გარეშე, ფაქტებს მივმართავ. ქვეყნის მთავარი კანონში - აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი" ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბჟანია ამბობს, რომ „პრეზიდენტი კონსტიტუციის აღსრულების გარანტია და ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს სრული პასუხისმგებლობით საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში".
ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს აფხაზური საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა.
იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს.
რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ.