Accentnews.ge
პესკოვი: "ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სანქციების მოხსნამდე შენარჩუნდება"

პესკოვი: "ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სანქციების მოხსნამდე შენარჩუნდება"

05/09/2022 13:51:15 ევროპა

კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, Nord stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთისთვის სანქციების მოხსნამდე შენარჩუნდება.

მისივე თქმით, სანქციები მილსადენის ბლოკების მოვლა-პატრონობას ხელს უშლის.

"თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს“, - ამბობს პესკოვი.

როგორც პესკოვი ირწმუნება, სანქციებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, რომ აგრეგატების მომსახურება და გადაადგილება უკვე შეუძლებელია:

"რა თქმა უნდა, სწორედ სანქციები უშლის ხელს აგრეგატების მომსახურებას, ხელს უშლის მათ გადაადგილებას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გარეშე, ამ სამართლებრივი გარანტიების გაცემას და ა.შ. სწორედ ეს სანქციები, რომლებიც შემოიღეს დასავლეთის სახელმწიფოებმა... სწორედ მათ მიიყვანეს ვითარება იქამდე, რასაც ახლა ვხედავთ“.

***

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი“ გაურკვეველი დროით დახურა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, გაზის სატუმბ ბლოკზე ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა. აღნიშნულს ევროკავშირში ტყუილი უწოდეს.

რუსეთმა 31 აგვისტოს შეწყვიტა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება. კომპანია „გაზპრომი“ მიზეზად ასახელებდა ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოებს და აცხადებდა, რომ გაზის მიწოდება შეწყვეტილი იქნებოდა 3 სექტემბრის 04:00 საათამდე.

„გეგმური ტექნიკური მომსახურების“ გამო, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება ათი დღით, ივლისშიც შეუწყვიტა. უფრო ადრე, ივნისის შუა რიცხვებიდან, „გაზპრომმა“ ევროპის მომარაგება 40%-მდე შეამცირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სანქციების გამო, კანადამ არ დააბრუნა „სიმენს“-ის ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. ეს ტურბინები კანადიდან ივლისის შუა რიცხვებში ჩაიტანეს გერმანიაში, საიდანაც რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია.

კრემლმა „გაზის ომი“ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ წამოიწყო ევროკავშირის ქვეყნების მიერ კიევის მხარდაჭერის პასუხად. გერმანია, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის ძირითადი მიმღებია, მოსკოვს ადანაშაულებს გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S