
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: „ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა“
14/09/2022 20:11:19 კავკასია
20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა, მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა განაცხადა.
„ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სომხური დასახლებები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, აბსოლუტური სიყალბეა. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ამბების გავრცელებისგან და იხელმძღვანელოთ ოფიციალური ახალი ამბებით“,-აღნიშნულია განცხადებაში.
თავად ერევანში კი მღელვარებაა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სომხური საზოგადოების პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით აღშფოთებული ნაწილი ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ სპონტანურ საპროტესტო აქციას მართავს. მათ ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
აღშფოთების მიზეზი გახდა დღეს, დღის პირველ ნახევარში, პარლამენტის წინაშე სიტყვის გამოსვლისას ფაშინიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ "თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, მშვიდობისთვის რთული გადაწყვეტილებები მიიღოს":
"გვსურს, ხელი მოვაწეროთ ქაღალდს, რის გამოც გაგვაკრიტიკებენ, დაგვწყევლიან, მოღალატეებად შეგვრაცხავენ, და შესაძლოა, ხალხმა გადაგვაყენოს კიდეც, თუ შედეგად სომხეთის რესპუბლიკა, რომლის ფართობი 29 800 კვადრატული კილომეტრია, მიიღებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ხელს მოვაწერ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არ მაინტერესებს, რა მომელის პირადად მე, მაინტერესებს, რა მოელის სომხეთის რესპუბლიკას".
მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ იყო და არ იქნება ხელმოწერილი არავითარი დოკუმენტი.
"ძვირფასო თანამემამულეებო, მოგიწოდებთ, არ წამოეგოთ მანიპულაციებს. არავითარი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია და არც ვაპირებთ გაფორმებას. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელიც არკეთილმოსურნე გარე ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგობის გასატეხად განახორციელეს" - წერს ფაშინიანი "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე.
***
13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.
რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".
დღეს ცნობილი გახდა, რომ ОДКБ-ის სომხეთში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 14 სექტემბერს იწუეყბოდა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.
აზერბაიჯანმა დაპირისპირების განახლებაში სომხეთი დაადანაშაულა. ბაქოში განაცხადეს, რომ "ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, მათ კი „საპასუხო ზომებს მიმართეს".
იხილეთ ასევე: ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება აღიარა