დანაშაულის შესაძლო ნიშნები განცხადებაში, რომლითაც კობახიძემ კრემლს აჯობა

16-09-2022 06:57:47 ანალიზი

საკმარისია, წამით გავიფიქროთ, რომ საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკვე ვეღარაფრით გაგვაოცებენ – და ჟღერს რომელიმე მათგანის მორიგი გასაოცარი განცხადება, რომელზეც ალბათ, უნდა გვეცინებოდეს, სატირალი რომ არ იყოს.

13 სექტემბერს, უკვე რუტინად ქცეული პროპაგანდისტული კამპანიის (“სწორედ “ქართული ოცნება” უნარჩუნებს საქართველოს მშვიდობას”) ფარგლებში “რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნის თემაზე პლებისციტის შესაძლო ჩატარების” შესახებ გაკეთებული განცხადებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთელი აფხაზეთი ყალყზე დააყენა, დე ფაქტო ხელისუფლება “საქართველოსთან ომისთვის მზადების აუცილებლობაზე” აალაპარაკა, რუსეთს კი, რომელიც აფხაზეთის დაუფარავ ანექსიაზეა გადასული, საუკეთესო შესაძლებლობა შეუქმნა, მისი ანექსიური ზრახვების წინააღმდეგ ამხედრებული აფხაზური საზოგადოების ყურადღება “ქართულ საფრთხეზე” გადაემისამართებინა.

როგორ უნდა შეფასდეს ეს - საქართველოს ინტერესების გამიზნულ მტრობად, საქართველოს მტრის მსახურებად, თუ უნებლიე გაუაზრებელ მავნებლობად? - სანამ თბილისსა და სოხუმში ამაზე ბჭობდნენ, 15 სექტემბერს კობახიძემ თავად განმარტა საკუთარი განცხადების არსი, მაგრამ ეს ისე გააკეთა, რომ 13 სექტემბერს ვინღა ჩივის?! კერძოდ, მმართველი პარტიის ლიდერმა ბრძანა:

“როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს ან ოსსო”.

როდესაც საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის 13 სექტემბრის განცხადების კომენტირებისას მსგავსი ანალოგიები მოჰყავდათ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგალითად “საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩ” კან ტანიას, რომელმაც თავის ინტერნეტ-კომენტარში აფხაზეთი სტატუსით უკრაინას გაუთანაბრა, ამას არ გავუოცებივარ: ტანია ხომ აფხაზეთის ინტერესების გატარებას ცდილობს (მართალია, საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფითა და საკუთარი “სიმართლით”, მაგრამ მაინც). მაგრამ როდესაც აფხაზეთს, ან, გნებავთ, ცხინვალის რეგიონსა და უკრაინას შორის ანალოგიები საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ წამყვან ფიგურასა და სახეს მოჰყავს, ვის ინტერესებს შეიძლება, ემსახურებოდეს ეს ქმედება?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის 15 სექტემბრის განცხადების შეფასებისას კონსტიტუციის დარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ნიშნებზე მიუთითებს.

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთი განცხადება მოგვისმენია, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, ხელისუფლების ორბიტაზე მყოფნიც დაახლოებით იგივე ხაზს ატარებდნენ, რომელიც საბოლოო ჯამში, თავისუფლად შეიძლება, პრორუსულად იქნას ინტერპრეტირებული. აქ კითხვის ნიშნები ბევრი ჩნდება. კონსტიტუციის დარღვევის ზღვარზე მოქმედებენ ეს ადამიანები, რადგან ჩვენი განვითარების ვექტორი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, მასში გაწერილის თანახმად კი, მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს ზუსტად იმის საპირისპიროდ უნდა აკეთებდეს, რასაც “ოცნების” წარმომადგენლები ქადაგებენ ხშირ შემთხვევაში” – განაცხადა პოლიტოლოგმა “პალიტრანიუსთან” საუბრისას.

ხუხაშვილმა გაიხსენა, რომ ბოლო პერიოდში პირადად ირაკლი კობახიძისგანაც “ბევრი შემაშფოთებელი განცხადება მოგვისმენია”, რაც, მისი შეფასებით, ყურადღების მისაქცევი მოვლენაა, რადგან “ის არ არის უბრალო პოლიტიკოსი, ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ანუ პირდაპირ მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში”. მაგრამ ის, რაც კობახიძისგან 15 სექტემბერს მოვისმინეთ, პოლიტოლოგის შეფასებით, “ყველა ზღვარს სცდება და შესაძლებელია, ინტერპეტირებული იყოს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული”:

“ეს იყო წარმოუდგენელი განცხადება! სრულიად თავდაყირაა დაყენებული საკითხის როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და მორალური ასპექტები. ამ ორ რამეს შორის თუნდაც ზედაპირული ანალოგიის დანახვა ყოვლად წარმოუდგენელია! რუსებიც კი არ წასულან ასე შორს: რუსეთი არ განიხილავს უკრაინას საკუთარ ნაწილად და არ ამბობს, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შეიჭრა უკრაინაში. კობახიძე კი თავის განცხადებაში მათზე შორს წავიდა! საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილებია. ამ პრიზმაში უნდა განვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ქმედებაც. ყველა საერთაშორისო დოკუმენტშიც გვიწერია, რომ ისინი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება - როგორც მშვიდობიანი, ისე ძალისმიერი, - განხილული უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრიზმაში (ბუნებრივია, მე აქ არავის არაფრისკენ მოვუწოდებ, უბრალოდ განვმარტავ სამართლებრივ სტატუსს). მაშინ, როცა რუსები შეიჭრნენ მეზობელ სუვერენულ უკრაინაში და უკრაინა დღეს იბრძვის ზუსტად იმისთვის, რისთვისაც საქართველო - საკუთარი ტერიტორიების დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, მეტი რა მავნებლობის ჩადენა შეუძლია პოლიტიკოსს ქვეყნისთვის, რასაც ირაკლი კობახიძე სჩადის?! ერთხელ ფიგურალურად ვთქვი, რომ რუსულ პროპაგანდასაც კი არ დაესიზმრება, ისეთს ამბობენ ჩვენს ხელისუფლებაში – და კობახიძის ეს განცხადება ამის მორიგი მაგალითია: რუსებსაც კი არ მოსვლიათ აზრად საკუთარი ინტერესის ისე მაჟორულად გატარება, როგორც ეს კობახიძემ გააკეთა. რუსზე მეტი რუსი გამოდგა ამ შემთხვევაში საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და არ ვიცი, სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ამან საბოლოოდ”.

კობახიძის 15 სექტემბრის განცხადებას გამოეხმაურა ის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიც, რომელსაც მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე ლამის ყოვედღიურად ადანაშაულებენ “რადიკალიზმსა” და “საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში”.

“მხოლოდ მავნებელს, რუსეთის მსახურს შეიძლება, მოუვიდეს თავში ასეთი სრულიად გაუგონარი შედარება! მთავარი, ფუნდამენტური განსხვავება აქ ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესორია და დამპყრობელი, უკრაინა არაა რუსეთი, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი საქართველოა! ირაკლი კობახიძე კი ამ მავნებლიბით პრაქტიკულად გვეუბნება, რომ რუსეთს ისეთივე უფლება აქვს უკრაინაზე, როგორიც საქართველოს – თავის ოკუპირებულ რეგიონებზე… ეს პირდაპირ პუტინის ნარატივია! რასაც კობახიძე/ივანიშვილი გვეუბნება - რომ ომი ცუდია, ყველამ ისედაც ვიცით! მაგრამ ზუსტად ეგ პოზიცია, რომელიც მტრის პირისპირ მოკავშირეების გარეშე გვტოვებს, ეპატიჟება ომს! წესით, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ყველა სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ. მაგრამ ამის საპირისპიროდ, ვემზადებით მოღალატეობრივი პლებისციტისთვის, რომლითაც ივანიშვილი ფაქტობრივი და (თუ “გაქაჩა”) ლეგალური ნეიტრალიტეტისთვის ამზადებს ნიადაგს. მაგრამ სანამ პლებისციტს ჩაატარებენ, უნდათ თუ არა მეორე ფრონტი, აგერ, ჩვენს სამეზობლოში მეორე ფროტი კი არ გაიხსნა, უკვე იხურება!” – წერს სოცქსელში ოპოზიციონერი გიგი უგულავა.

მაინც რა იყო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის 15 სექტემბრის განცხადება? როგორ უნდა აღვიქვათ მის მიერ მოყვანილი ანალოგია? - ამ კითხვაზე პასუხი, რაღა დაგიმალოთ და, მაშინებს: ვინ იცის, კიდევ რა გაუგონარ მავნებლობას მოვისმენთ ხვალ ან ზეგ, კობახიძემ რომ კვლავ გადაწყვიტოს თავისი ნათქვამის არსის განმარტება?!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები