
ფაშინიანი პუტინს ესაუბრა
16/09/2022 08:22:58 კავკასია
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა,– იუწყება სომხური მედია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
ამავე წყაროს ცნობით, საუბარი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას შეეხო და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა, „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანული აგრესიის გამო ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია“.
„ლიდერებმა განიხილეს სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაგზავნილ განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები“,– ვკითხულობთ შეტყობინებაში.
იხილეთ ასევე:
- ფაშინიანის დილემა
- „როგორც გაირკვა, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, რაც უკან ძალიან ცუდად უბრუნდება“: ძალთა ბალანსის ცვლილების პერსპექტივა კავკასიაში
***
13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტი გამწვავდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.
რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს". ОДКБ–ს წარმომადგენლები კი ვითარებაში გასარკვევად სომხეთში ჩავლენ.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და „მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ იმუშავებს საბრძოლო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად“.
ბლინკენი ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც.