კინზინგერი: "საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია"

30-09-2022 10:08:13 კონფლიქტები

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება,– იუწყება „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია.

კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„მართალია, გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა.

ადამ კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს „ვიზიტი „აფხაზეთში უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.

„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. მანამდე ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.

28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.

ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები