Accentnews.ge
ახრა ავიძბა: „საქართველოს ხელისუფლებას ომი გულწრფელად არ სურს“

ახრა ავიძბა: „საქართველოს ხელისუფლებას ომი გულწრფელად არ სურს“

03/10/2022 13:38:12 კონფლიქტები

„პიატნაშკას“ ბატალიონის მეთაურმა ახრა ავიძბამ გაიმეორა „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული ე.წ. ოთეულის მიერ შემოთავაზებული შეთქმულების თეორია იმის თაობაზე, რომ თითქოს დასავლეთი ახორციელებს ზეწოლას თბილისზე, რათა საქართველომ ომი დაიწყოს. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ომი არ სურს.

„საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი. მას ესმის: თუ ომი დაიწყება, ის შეიცვლება. ოპოზიციას სურს ციხიდან გამოიყვანოს მიხეილ სააკაშვილი, რათა ამ ტალღის ქვეშ ჩვენ დაგვესხას თავს“, - განაცხადა მან სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ავიძბა ასევე იმეორებს რუსეთის საგარეოს განცხადებას, რომ თურმე „დღეს საქართველოში თურქეთიდან გემებით შედის იარაღი“.

„ორჯერ ჩაატარეს წვრთნები, ამ სოუსით იარაღი მიიტანეს და უკან არაფერი წაიღეს.

დღეს ისინი ძალების მობილიზებას ახდენენ“, - განაცხადა მან.

მას სავარაუდოდ მხედველობაში აქვს საქართველო-ნატო-ს გეგმიური წვრთნა, რომელიც საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ წვრთნის შემდეგ საქართველოში ტექნიკა არ დარჩენილა, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით თბილისი მშვიდობიანი კურსის ერთგული რჩება.

„საქართველო ომისთვის ემზადება. იმისათვის, რომ მან გადაიფიქროს, ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამისთვის, ”- დასძინა ავიძბამ.

ახრა ავიძბამ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ „ქართველ ხალხს უშუალოდ იცნობს“:

„მეორე ვაჟი მყავს ქართველისგან. პრეტენზია ხალხთან არ მაქვს. მათ შორის გავიზარდე სოჭში. ჩემს სავარჯიშო დარბაზში 90% ქართველი იყო. მაგრამ მათი და მათი სახელმწიფოს აზროვნება განსხვავებულია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტური ხალხები უკრაინა და საქართველოა“.

იხილეთ ასევე: აშშ-ის საელჩო და "მეორე ფრონტი": თბილისში მჟღერ ანტიდასავლურ ნარატივებს სოხუმში სიტყვა-სიტყვით იმეორებენ

***

ახრა ავიძბა თავის დროზე უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, სადაც ავიძბა (საბრძოლო სახელი „აფხაზი“) 2014 წლის ივლისში ჩავიდა და ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. მან 2015 წელს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდებაც მიიღო.

ბოლო დრომდე ის უმთავრესად რუსეთში ცხოვრობდა, სადაც საკუთარი ბიზნესმებიც აქვს. "აქცენტის" მკითხველს შესაძლოა, ახსოვს 2021 წლის ინციდენტი, რომლის დროსაც იმხანად ჯერ კიდევ "პრეზიდენტის თანაშემწე" ავიძბა ფსოუზე რუსი მესაზღვრეების მოთხოვნას არ დაემორჩილა, ჯიპით სასაზღვრო ზღუდე გაანგრია და რუსეთიდან აფხაზეთში ამ გზით შევიდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული იმის გამო, რომ გადასახადების სახით დიდი დავალიანება ჰქონდა დაგროვებული. მოგვიანებით ავიძბამ დავალიანება დაფარა, თუმცა რუსულმა მხარემ ციხეში 10 დღით მაინც ჩასვა.

ახრა ავიძბა, რომლის ძმა - "კრიმინალური ავტორიტეტი" ასიკი სოხუმის სანაპიროზე მომხდარი გახმაურებული ინციდენტის დროს მოკლეს, ამ ამბის შემდეგ რაულ ხაჯიმბას "ხელისუფლებას" დაუპირისპირდა და აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.

"ხელისუფლების" შეცვლის შემდეგ, 2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის - ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა "საერთაშორისო საკითხებში". იმავე წლის 9 ნოემბერს კი მან ეს თანამდებობა „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" მოტივით დატოვა და ახლა უკვე ბჟანიას ოპოზიციაში გადავიდა.

2020 წლის ნოემბრის დასაწყისში, ყარაბაღის მეორე ომის დროს სოჭში (რუსეთი) მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ "მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა". მაშინ სოცქსელში გავრცელდა ომში მიმავალ მებრძოლებთან მისი ერთობლივი ფოტოც.

2021 წლის იანვრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ახრა ავიძბა ძებნილად გამოაცხადა. მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა ედება ბრალად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S