აშშ-ის საელჩო და "მეორე ფრონტი": თბილისში მჟღერ ანტიდასავლურ ნარატივებს სოხუმში სიტყვა-სიტყვით იმეორებენ

23-09-2022 13:07:21 კონფლიქტები ,პოლიტიკა

"აშშ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი ავანტიურისკენ უბიძგებს" - ირწმუნება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კრემლის მიერ ხელდასმული დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომლის მტკიცებით, "თბილისზე ზეწოლაში უშუალოდ მონაწილეობს ამერიკის საელჩო და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)".

"მიმდინარე წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა ჯონ პენელი, რომელიც მანამდე უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა. მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთობლივად უკვე დაიწყო ზეწოლის განხორიცელება საქართველოს მთავრობაზე, რათა ქართული მხარე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მორიგ სამხედრო ავანტიურაზე - ე.წ მეორე ფრონტის გახსნაზე წავიდეს. პარალელურად პენელის დანიშვნის შემდეგ შეიმჩნევა მუშაობის აქტივიზაცია საქართველოს მთავრობის 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" მიმართულებით" - განაცხადა დღეს არძინბამ.

და იქვე დასძინა, რომ "დასავლური სტრუქტურები სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე პრინციპით მუშაობენ - ყველაფერი იწყება ჰუმანიტარული პროექტებით და მთავრდება სახელმწიფო გადატრიალებებით".

აღსანიშნავია, რომ არძინბას ამ განცხადებას წინ უსწრებდა "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილი დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენლების ანალოგიური განცხადებები. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ფინანსური დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი გამოყოფდა და დღესაც უყოფს საქართველოს, რეალურად, ამერიკული აგენტურის გაძლიერებას, საქართველოში დემოკრატიის საფუძვლების მორყევასა და "მეორე ფრონტის" გახსნას ემსახურება.

რიგი ქართველი პოლიტიკოსებისა ასევე ირწმუნება, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს. თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც თავად დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ამას კატეგორიულად უარყოფს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონულ კონფლიქტებსაც შეეხო და "ევრაზიაში გამწვავებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე" მიუთითა.

"დაძაბულობის საკვანძო წერტილად დონბასი და უკრაინა რჩება. გარდა ამისა, გვაშფოთებს ამასწინანდელი საზღვრისპირა კონფლიქტები სომხეთსა და აზერბაიჯანს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის. რუსეთის ირგვლივ თანმიმდევრულად ყალიბდება ცეცხლის რკალი" - განაცხადა არძინბამ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ აფხაზმა დე ფაქტო მინისტრმა "საქართველოსთან შესაძლო ახალი ომის ალბათობაზე" ისაუბრა და საბაბად, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება გამოიყენა.

ვის უნდა ომი – მითები და რეალობა

რატომ არ სჭირდება დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ – ორი ფაქტორი

ელჩი დეგნანი – „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: "ბრალდებები უაზრო შეთქმულების თეორიაა, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება"

დეგნანი: "აშშ–ს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ!"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები