
ხერსონში ოკუპანტები პანიკაში არიან – ხლანი
17/10/2022 09:20:13 ევროპა
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი სერგეი ხლანი ამბობს, რომ ოკუპანტები ხერსონში პანიკურ მდგომარეობაში არიან.
"ოკუპანტები პანიკაში არიან და ეს განწყობა ვრცელდება: თუ მანამდე კოლაბორანტები ეზიდებოდნენ ავეჯს და სხვა ქონებას თავიანთი სახლებიდან ყირიმის გავლით, ახლა უკვე ვხედავთ, რომ ოკუპანტები ეზიდებიან ქონებას – ძარცვავენ ყველაფერს, რაც ჯერ კიდევ შემორჩა. ამას „სახელმწიფო საკუთრებას“ უწოდებენ, ეზიდებიან და ნელ–ნელა თავადაც გადადიან. ეს მორიგი ტალღაა განუკითხაობის, რაც ხელსონში ხდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პანიკაში არიან. იყო ცნობები, რომ რაშისტების სარდლობის შტაბი მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადავიდა. ჩვენი პარტიზანული მოძრაობა ძლიერდება და მუშაობს, შესაბამისად, შტაბების, საბრძოლო მასალის საწყობების და თავად ოკუპანტების განადგურება ყოველდღიურად ხდება – ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტექნიკას კარგავენ, რაც არ უნდა გააძლიერონ თავიანთი საფილტრაციო მოქმედებები. ისინი უძლურებისგან მიმართავენ სისასტიკეს საფილტრაციო ღონისძიებებისას, რადგან აცნობიერებენ, რომ ხერსონის დატოვება მოუწევთ“,– განაცხადა ხლანმა.
მანამდე უკრაინის გენშტაბი იუწყებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამკაცრებენ საფილტრაციო ზომებს ხერსონის რეგიონში და დაიწყეს ე.წ. „სახელმწიფო ინსტიტუტების“ ევაკუაციის პროცესი.
„ჩვენი ინფორმაციით, ხერსონიდან ყირიმში გაჰყავთ ბანკების თანამშრომლები, გადააქვთ და ქონება და საპენსიო ფონდი“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში მოსახლეობის მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა.
16 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინებოდა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ, რუსეთის ჯარების მდგომარეობა ფრონტის სამხრეთ მიმართულებით საგრძნობლად გაუარესდა.
Financial Times იტყობინება, რომ დასავლელი სამხედრო ექსპერტები და ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უკრაინა ხერსონის განთავისუფლებას ოქტომბრის მეორე ნახევარში შეძლეს.
16 ოქტომბერს რუსი სამხედრო ჟურნალისტებიც იტყობინებოდნენ რუსებისთვის შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ. მანამდე ხერსონის საოკუპაციო რეჟიმმა ევაკუაცია გამოაცხადა.
რა სტრატეგიული როლი აქვს ხერსონს, წაიკითხეთ აქ.