09-12-2022 22:55:40 რეპორტაჟი
ერთდროულად ორმა ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ The Wall Street Journal-მა და Financial Times-მა გამოაქვეყნეს მასალები ბახმუტიდან, უკრაინის ომის ყველაზე ცხელი წერტილიდან. ჟურნალისტები, მათ შორის, ესაუბრენ უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ რუსი ჯარისკაცების განუწყვეტელ თავდასხმებზე.
„ჩვენ მათ ვესვრით, ისინი ჩვენ გვესვრიან. არ მთავრდება. ძალიან ბევრნი არიან",– ამბობს ა.მატვიენკო, ლეიტენანტი.
”მათ მეტი ხალხი ჰყავთ. გვაწვებიან“,– აღნიშნავს ვ.იაკუბოვსკი, რიგითი.
„ესკონვეიერის სარტყელს ჰგავს: ისინი პუტინისთვის მხოლოდ ხორცია, ბახმუტი კი ხორცის საკეპი“, – ამბობს არტილერისტი.
რაკეტები მოხვდა უკრაინულ პოზიციებს ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბანში, მიმოიფანტა ნამსხვრევები და აიძულა მებრძოლები, ჩაძირულიყვნენ საფარში. შემდეგ რუსი ქვეითი ჯარმა დაიწყო იერიში პირველი მსოფლიო ომის სტილში. უკრაინელებმა გაუძლეს და ბევრი მათგანი გაანეიტრალეს ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით“,– აღწერს ბრძოლის ერთ–ერთ ეპიზოდს Financial Times.
ერთ-ერთ მასალაში მოცემულია უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ბახმუტზე თავდასხმის მუდმივი მცდელობა რუსულ არმიას ყოველდღიურად 50-70 მოკლულ სამხედროდ უჯდება. თქვეს ისიც, რომ მტერმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია და შეძლო ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანამდე მიღწევა. ამასთან, ამინდი არ არის თავდამსხმელების სასარგებლო.
„მიწა ცივი და მყარია მათთვისაც. როდესაც ისინი იკავებენ ახალ პოზიციებს, უჭირთ მიწის საკმარისად ღრმად გათხრა, რომ დაიცვან თავი ჩვენი კონტრშეტევებისგან და უწევთ უკან დახევა“,– ამბობს ლ.ვასილენკო, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.
თავად ბახმუტი, რომლისთვისაც მრავალი თვეა, ჯიუტი ბრძოლები მიმდინარეობს, ნანგრევებადაა ქცეული. დიდი ხანია, არ არის დენი და წყალი.
„ცენტრმა, რომელიც ოდესღაც რევოლუციამდელი არქიტექტურისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის აგურის შენობების თვალწარმტაცი ნაზავს წარმოადგენდა, დაკარგა თავისი ხალხი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებიც ბედს ქუჩაში ცდიან სასურსათო პროდუქტების ყიდვისას თუ ახლობლების დახმარებისას. შენობებზე წინააღმდეგობის ნიშნებია: „ბახმუტი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა!“ ან „მოკვდი, რუსო ნაძირალავ!“,– წერს The Wall Street Journal.
ბახმუტისთვის ბრძოლები მაისში დაიწყო, მაგრამ ყველაზე ინტენსიური აგვისტოში გახდა. ზოგიერთი დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსებმა ქალაქი ბახმუტი აიღეს, სადაც უსასტიკეს წინააღმდეგობას აწყდებიან, არ მისცემს რუსეთის არმიას რაიმე სახის სტრატეგიულ უპირატესობას.
იხილეთ ასევე: „საკუთარი მებრძოლების გვამებს აბიჯებენ“: რატომ ცდილობენ რუსები გაშმაგებით ბახმუტის ხელში ჩაგდებას
9 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი:
„საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია, ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული.
ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია”.
მან მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებსა და სარდლობას, რომლებიც ამ მიმართულებებით აკავებენ მტერს.