
დავით სანაკოევი: “ყველა ბრალდება უსაფუძვლოა”
20/12/2022 08:53:29 კონფლიქტები
გასულ პარასკევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (International Criminal Court) პროკურორმა ქერიმ ასად აჰმად ჰანმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების დასრულების შესახებ განაცხადა. მანამდე ჰააგის სასამართლომ იმ სამი ოსი ექს-ჩინოსნის დაკავების ორდერები გასცა, რომელთაც 2008 წლის მოვლენებისას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ. საუბარია დე ფაქტო შს მინისტრ მიხეილ მინძაევზე, საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელ ჰამლეტ გუჩმაზოვსა და პრეზიდენტის წარმომადგენელზე ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევზე. ამ უკანასკნელმა, რომელიც დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატია და “პრეზიდენტადაც” იყრიდა კენჭს, ჰააგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი "Эхо Кавказа"-სთან საუბარში დააფიქსირა. “აქცენტი” მისი ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:
– ეთანხმებით თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასკვნებს? ოღონდ მოდით, ვისაუბროთ პოლიტიკის გარეშე, მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებაზე.
– არა, არ ვეთანხმები. პირადად ჩემს მიმართ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. არ მქონია კავშირი არც რაიმე დაკავებებთან, არც მოქალაქეთა უკანონო გადაადგილებებთან. ეს არ ყოფილა.
– წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რაზეა საუბარი?
– მესმის, რომელ მოვლენებს გულისხმობენ. მოდით, ყველაფერზე თანმიმდევრულად ვისაუბროთ. ცხინვალზე შეტევის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა ახლომდებარე ქართული სოფლებიდან, რომლებიც შეიძლებოდა, საბრძოლო მოქმედებების ზონაში მომხვდარიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველა არ წავიდა – მაცხოვრებლების გარკვეული რაოდენობა იქ მაინც დარჩა. როცა ოსური ძალები სოფლებს ქართველი სამხედროების ნარჩენებისგან წმენდნენ, ეს ადამიანები აღმოაჩინეს.
– რამდენნი იყვნენ?
– ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 150-170 ადამიანი.
– რა უქნეს მათ?
– შეკრიბეს ერთ ადგილზე, რომელიც არ იყო დანგრეული და სადაც მეტ-ნაკლებად დაეტეოდნენ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის მასშტაბით აღარსად იყო დარჩენილი ისეთი ადგილი, სადაც შევძლებდით, ისინი ნორმალურ პირობებში გვემყოფებინა. არ იყო წყალი, გაზი, ელექტროენერგია, ყველაფერი დანგრეული იყო. ყველაზე ნაკლებად შსს-ს შენობა დაზიანდა, ამიტომაც ეს ადამიანები იქ გადაიყვანეს.
– სივიწროვეში იყვნენ?
– რა თქმა უნდა, იყო სივიწროვეც და უჰაერობაც, მაგრამ იქ კედლები და სახურავი მაინც შენარჩუნდა. ქართული შეტევების დროს იმ შენობას დიდად არაფერი მოჰხვედრია. ეს ალბათ, ერთადერთი ფართი იყო, სადაც ამდენი ადამიანის დატევა იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, ისინი ხომ ერთიანად 150 არ მოუყვანიათ – აღმოჩენის კვალდაკვალ პარტიებად მოჰყავდათ.
– თქვენი ინფორმაციით, ტარდებოდა თუ არა მათთან დაკითხვები?
– რამდენადაც ვიცი, არავითარი არც დაკითხვა ყოფილა, არც დაკავება. ეს ყოველთვის წმენდის შედეგი არ იყო. ხანდახან ისინი მოჰყავდათ რიგით ადამიანებს, რომლებიც მათ შემთხვევით აწყდებოდნენ.
– ამ ადამიანებს შსს-ს შენობაში ძალით აკავებდნენ?
– არავინ აპირებდა მათ დაკავებას ამ სიტყვის იურიდიული მნიშვნელობით. ადამიანებმა უბრალოდ არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ. 3-5-10 კაცი მოჰყავდათ პარტიებად, რომ ვინმეს დაეცვა. ისინი რომ დაცარიელებულ სოფლებში დაეტოვებინათ, შეიძლებოდა, დაღუპულიყვნენ. დაცარიელებულ სოფლებში ხომ გაუგებარი ელემენტები დაძრწოდნენ, ხალხს ხელში ბევრი იარაღი ჰქონდა, მათ შორის – ქართველების მიერ დატოვებულიც, ბევრი იყო გაბოროტებული…
– გინდათ, თქვათ, რომ ეს ადამიანები ერთის მხრივ, დააკავეს, ხოლო მეორეს მხრივ, გადაარჩინეს?
– ამიტომაც ვერ დავარქმევ ამას ძალდატანებას.
– ანუ, მათი უფლებები არანაირად არ შელახულა?
– არა, რა თქმა უნდა. იყო შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მამაკაცები ძალდატანებით გაჰყავდათ ნანგრევებისგან ქუჩების გასაწმენდად. გზებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო სახლების ნანგრევებით, წაქცეული ხეებით, დამწვარი მანქანებით ჩახერგილობის გამო. ამ ყველაფერს ადგილობრივი მაცხოვრებლები წმენდნენ და ეს ახალგაზრდა მამაკაცებიც გაჰყავდათ ამ საქმისთვის. იყო მათსა და ადგილობრივებს შორის ექსცესების შემთხვევებიც. ადამიანები გაბოროტებულები იყვნენ, ბევრს ხომ ახლობლები დაეღუპა, სახლები დაეწვა. ამდენად, მათზე ადამიანების რეაქცია განსხვავებული იყო… რა თქმა უნდა, ქართველებს მილიციელები იცავდნენ, მათ მიმართ აგრესიის გამოვლინებებს აღკვეთდნენ, მაგრამ ეს მარტივი არ იყო და ყოველთვის ვერ ხერხდებოდა.
– თქვენ თუ მიგიღიათ ამ ადამიანებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებები?
– არა, უფლებამოსილება არ მქონდა, რაიმე გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მომეხდინა.
– რა მომენტიდან გახდით ამ ისტორიის ნაწილი?
– იმხანად რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დამავალა, დავკავებულიყავი ჩვენი იმ მოქალაქეების დაბრუნებით, რომლებიც ქართულმა ჯარებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს აიყვანეს ტყვედ. სწორედ ამაზე ვმუშაობდი. თავის მხრივ, საქართველოს ხელმძღვანელობამაც გვთხოვა, მათთვის გადაგვეცა ყველა ეთნიკური ქართველი, რომელსაც სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში სურდა გასვლა, რომ მათთვის ხელი არ შეგვეშალა.
– როგორ ხდებოდა ეს?
– ჩვენი მხრიდან ამის უფლებამოსილება მე მქონდა, ქართული მხრიდან კი პირველ შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია, პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა მუჯირი. სამნი იყვნენ, მაგრამ ყველა პროტოკოლს რატომღაც მუჯირი აწერდა ხელს.
– რის შესახებ მოილაპარაკეთ?
– მოვილაპარაკეთ, რომ გამოვიყენებდით პრინციპს “ყველა ყველაზე” – შეუფერხებლად უნდა დაგვებრუნებინა ყველა ჩვენი მოქალაქე და ყველა ქართველი, რომელიც საქართველოში გასვლას ისურვებდა. ერთმანეთს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასაც ვაწვდიდით: მივაწოდეთ ძებნილთა სია, მათ კი თავისი მოგვაწოდეს. ვუთხარით, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მათ გათვალისწინებული არ ჰყავდათ – ქართულ სოფლებში ევაკუაციის შემდეგ დარჩენილები, რომელთაც ასევე სურდათ საქართველოში გასვლა.
შეხვედრა ბევრი გვქონდა, მაგრამ უშუალოდ მოქალაქეთა გაცვლა ექვსჯერ განხორციელდა. პირველ ჯერზე ავტობუსში დაახლოებით 60 ადამიანი ჩავსვით მათგან, ვინც შსს-ს შენობაში იმყოფებოდა, ქართველებმა კი ჩვენი სიიდან რვა მოქალაქე გადმოგვცეს.
– სულ რამდენი ადამიანი იყო ქართულ სიაში?
– დაახლოებით 43-45.
– თქვენგან ადამიანები ნებაყოფლობით მიდიოდნენ?
– რა თქმა უნდა. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი. იგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ადამიანის უფლებათა საკითხებში ვლადიმირ ლუკინთან ერთად ჩამოვიდა.
აგიხსნით, რატომ მაინცდამაინც ჰამარბერგი. 2008 წლამდე ჩვენ წერილებს ვგზავნიდით ყველა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში საჩივრებით ჩვენი მოქალაქეების უფლებების სისტემატიური დარღვევის თაობაზე. საუბარია ეთნიკურ ოსებზე ქართველი ძალოვანების უკანონოდ განთავსებულ ბლოკ-საგუშაგოებზე. ვწერდით, რომ თვალს ვადევნებდით ომისთვის მზადებას და ვითხოვდით ამის აღკვეთას. ევროპის საბჭოს კომისარი ერთ-ერთი იყო მათგან, ვისთვისაც შეგვეძლო, მიგვეწერა.
ომის შემდეგ იგი ჩვენთან ჩამოვიდა და აქტიურად ჩაერთო ჩემს მიერ ზემოთ აღწერილ პროცესებში. იგი იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ქართული სოფლების მაცხოვრებლებს ამყოფებდნენ, ესწრებოდა ასევე, როცა მათ ავტობუსებში ვსვამდით. მისი თანდასწრებით წერდნენ ხელწერილებს და იგი ხედავდა, ვაძალებდი თუ არა მათ ამას. ანუ, ის ამ ყველაფრის მოწმე იყო.
– რა ხელწერილებზეა საუბარი?
– რომ მათ არავინ აიძულებდათ სამხრეთ ოსეთის დატოვებას და რომ ისინი ნებაყოფლობით გადიოდნენ საქართველოში. ამაში უჩვეულო ან საეჭვო არაფერი იყო. მომხდარის შემდეგ ვერ წარმომიდგენია, რომელიმე მათგანს აქ დარჩენა მოენდომებინა…
– და რას გიყენებენ ამ ყველაფრიდან ბრალად?
– ვციტირებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დოკუმენტის ამ ნაწილს: “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის ადამიანის უფლებათა საკითხებში (2005-2010 წ.წ. ომბუდსმენის) სტატუსით სანაკოევი მჭიდროდ თანამშრომლობდა ოსური მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან, ექვემდებარებოდა კოკოითს”.
კიდევ, თითქოსდა მე “ხელს ვუწყობდი საერთო მიზანს, დაკავებულები გამოგვეყენებინა მძევლებად და შემდეგ უკანონოდ გაგვეძევებინა საქართველოში, ან სხვაგვარად ვუწყობდი ხელს ამ დანაშაულებს. 2008 წლის აგვისტოში ვმონაწილეობდი პირთა გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში”.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მტკიცებით, ჩვენ თითქოსდა ძალდატანებით ვაძევებდით აქედან ქართველებს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში დარჩენა სურდათ. მე თითქოსდა ყალბ ხელწერილებს ვადგენდი ნებაყოფლობითი გასვლის შესახებ, ასევე 7-ჯერ ვაიძულე საქართველოს პრეზიდენტი, შეეწყალებინა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და ისინი ჩვენთვის გადმოეცა.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება