„ეს სიგნალია კრემლის, პეკინისა და ევროპისთვის“: რას ფიქრობენ უკრაინაში ზელენსკის აშშ–ში ვიზიტზე

22-12-2022 12:26:22 კომენტარი

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზელენსკის უკრაინა არ დაუტოვებია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პრეზიდენტი ვიდეოხიდის მეშვეობით მიმართავდა სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებს, ესაუბრებოდა მსოფლიოს ლიდერებს, მაგრამ საზღვარგარეთ არ გამგზავრებულა. ბოლოს ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა 19 თებერვალს, რუსული არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე. უკვე 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო.

ომამდე ზელენსკი ვაშინგტონში 2021 წელს გაფრინდა. პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო და ბოლოს მოლაპარაკებები თეთრ სახლში 1 სექტემბერს შედგა. შემდეგ ზელენსკიმ წამოჭრა ოკუპირებული დონბასის და ყირიმის საკითხები. მან რუსეთთან პატიმრების გაცვლაში დახმარება ითხოვა. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაჰპირდა კიევს კიდევ 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას 2021 წლის ბოლომდე. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებდა უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ჯო ბაიდენი კიევში არჩასულა. მაგრამ ზელენსკიმ 21 დეკემბერს პირველად დატოვა უკრაინა და გაფრინდა ვაშინგტონში ფაქტობრივად, ფრონტის ხაზიდან: წინა დღეს ის ბახმუტში, უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფებოდა. სწორედ ბახმუტში მებრძოლი უკრაინელი კაპიტნის კუთვნილი ჯილდო, „სიმამაცის ჯვარი“ გადასცა უკრაინის ლიდერმა თავის ამერიკელ კოლეგას მადლიერების ნიშნად. „მამაცმა კაპიტანმა თქვა, რომ თქვენ ძალიან მამაცი ხართ, რომ თქვენმა დახმარებამ ბევრი ძმა გადაურჩინა“ – უთხრა ზელენსკიმ ბაიდენს.

„ეს მთელი მსოფლიოსთვის ნიშანია, რომ ქვეყანას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, მხარს უჭერს თავისუფალი სამყაროს ლიდერი – აშშ. ეს არის სიგნალი კრემლისთვის. მეორეც, ეს არის სიგნალი პეკინისთვის. და მესამე, ეს არის სიგნალი ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის. კრემლმა და პეკინმა უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი დასავლელი მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას არ ჩამოშორდებიან, რადგან ისინი ამით საკუთარ თავსაც უჭერენ მხარს. ზოგადად, ისინი მხარს უჭერენ მსოფლიო წესრიგს, როგორც ასეთს. და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები მიიღებენ მკაფიო სიგნალს, რომ ყველა ერთად უნდა დარჩეს და უკრაინას უნდა დაეხმარონ ჩვენი ერთობლივი გამარჯვებისთვის. პრინციპში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავაყენოთ უკრაინის საკითხი უმაღლეს დონეზე. უმაღლესი დონე, რა თქმა უნდა, თეთრი სახლია და, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი“,– თქვა ვიზიტის შეფასებისას უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ–ის ქვედა პალატა „რესპუბლიკური პარტიის“ კონტროლს ქვეშ ექცევა და დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იპოვის შესაძლებლობას, დაარწმუნოს პოლიტიკოსები „რესპუბლიკური პარტიის“ ისტებლიშმენტში უკრაინის უპირობო მხარდაჭერის აუცილებლობაში, „რადგან თანხა, რომელსაც უკრაინას უყოფენ, არ არის ინვესტიცია მხოლოდ უკრაინაში, ეს არის ინვესტიცია თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებაში, პირველ რიგში, ინვესტიცია შეერთებული შტატების უსაფრთხოებაში“.

„ბოლო პაკეტის შეთანხმების შემთხვევაში, აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების ოდენობა დაახლოებით $100 მილიარდი იქნება. ეს არის სრულიად განსხვავებული ამბავია იმისგან, რაც იყო 2014 და 2008 წლებში“.

მისი ხედვით, დასავლეთმა დასკვნები გამოიტანა და ეს დასკვნები შემდეგ გეგმაში მდგომარეობს:

  • „რუსული საფრთხე – ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელში ჩაგდება, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების შერყევა, მსოფლიო უსაფრთხოების კონსტრუქციის რღვევა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და რუსეთი მარტო არ არის. მას ჰყავს მოკავშირეები, აშკარა თუ ფარული, მათ შორის ჩინეთი. მედვედევი პეკინში გაემგზავრა პრეზიდენტ სისთან შესახვედრად. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომ რუსეთსაც სჭირდება მხარდაჭერა. თუ ისინი უკვე წავიდნენ იმაზე, რომ იყიდეს იარაღი ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან, ეს იმის დასტურია, რომ ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან.
  • მეორე – ეს „პესტრიოტის“ სისტემებს ეხება. ასეთი ვიზიტები ერთ დღეში არ მზადდება. ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა და ვაშინგტონი მზად იყო, გამოეცხადებინა დამატებითი მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო. „პეტრიოტის“ სისტემები არის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მეოთხე დონე – ყველაზე მოწინავე აღმოსავლეთ ევროპაში.
  • მესამე – დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო დახმარების ეს პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის დამატებით მიწოდებას.
  • მეოთხე – ვიმეორებ, საუბარია დიდ გეოპოლიტიკურ სიგნალზე მთელი მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
  • მეხუთე – დარწმუნებული ვარ, რომ ორ პრეზიდენტს შორის იქნება დისკუსია სანქციების ზეწოლის გაზრდისა და ე.წ. მეორადი სანქციების გამოყენების შესახებ.
  • მეექვსე – დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკი საბოლოოდ დააყენებს რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხს“.

ამდენად, მისი შეფასებით, ეს არის სწორი და დროული ვიზიტი.

იხილეთ ასევე:

ზელენსკი – კონგრესს: "უკრაინა არასოდეს დანებდება"

რა თქვეს ზელენსკიმ და ბაიდენმა ისტორიული შეხვედრის შემდეგ - მთავარი გზავნილები

ბლინკენმა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განაცხადა

კარგი ამბავი გვაქვს, რომლითაც ვბრუნდები უკრაინაში - ზელენსკი

მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებაზეა დამოკიდებული – ბაიდენი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები