რა უნდა მაკრონს

23-12-2022 18:44:44 პოლიტიკა ,ინტერვიუ ,ანალიზი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვლავ პედალირებს რუსეთისთვის გარანტიების მიცემის აუცილებლობის თაობაზე საკამათო თემაზე მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივის გამო მწვავე კრიტიკას დაექვემდებარა, მათ შორის, მისი დასავლელი კოლეგების მხრიდან და მაშინ მოუხდა კიდეც თავის მართლება, „გაზვიადებულად იქნა აღქმულიო“. ამჯერად მან Le Figaro–სთან გაიმეორა, რომ „ომის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მისცენ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ასეთი გარანტიები რუსეთსაც სჭირდებაო“. საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ ამგვარი გარანტიები უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც.

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, შესაძლოა, მაკრონი გულისხმობდეს სანქციების ნაწილის მოხსნის შესაძლებლობას, რუსეთის არდასჯას უკვე ჩადენილისთვის, რეჟიმის წარმომადგენელთა დევნაზე უარის თქმას, ხოლო სანაცვლოდ რუსეთმა უნდა გასცეს გარანტია, რომ არათუ აგრესიას არ განახორციელებს მეზობელ ქვეყნებზე, არ ჩაერევა მათ საშინაო პროცესებში. ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მაკრონი შესაძლოა, ნატო–ს გაფართოებაზე მიანიშნებდეს და ამ კუთხით, კრემლის მიერ დასავლეთისთვის ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებამდე წაყენებულ ულტიმატუმზე დათანხმებას, რომელიც, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რომლებიც ნატო–ს წევრები არიან) ოფიციალური მოსკოვის გავლენის ზონად აღიარებას და ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული დაპირების, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ალიანსის წევრები, ანულირებას გულისხმობდა.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეჭვობს, მაკრონს ალიანსის გაფართოება ჰქონდეს მხედველობაში და „აქცენტთან“ ამ შემთხვევაში ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • მაკრონი არ გამოხატავს ევროპის პოზიციას;
  • მისი განცხადებები მიმართულია საფრანგეთის მოსახლეობისკენ.

„წავიდა ის დრო, როდესაც საფრანგეთი ევროპის სახელით ლაპარაკობდა. ვხედავთ, რომ საფრანგეთის ისტებლიშმენტის ხედვებს ევროპის უმეტესი ნაწილი აღარ იზიარებს. მეორე, Le Figaro– სთვის მიცემული ინტერვიუ 80%–ით საფრანგეთის მოსახლეობისთვის მიცემული ინტერვიუა, მხოლოდ 20%–ია გარე კომუნიკაციისთვის. მაკრონს კარგად ესმის, რომ მის ამგვარ დისკურსს გარეთ ყურადღებას ნაკლებად თუ მიაქცევენ. საბოლოო ჯამში, ამ საკითხებს არა საფრანგეთი, უკვე აშშ წყვეტს მეტად, ვიდრე ეს ხდებოდა თუნდაც, ბუშის პრეზიდენტობის დროს. ამიტომ, მისი საუბარი უფრო საფრანგეთის მოსახლეობისკენაა მიმართული და თავისი ლეგიტიმაციის გამყარებისკენ. მან იცის, რომ საფრანგეთის მოსახლეობა (განსხვავებით დღეს უკვე გერმანიის მოსახლეობისგან), უფრო ფრთხილია და რუსეთთან მიმართებით ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი რაღაც ილუზიები და სენტიმენტები. ამით, რაღაცნაირად , მათ უწევს ანგარიშს. დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველდღიურად სჭირდებათ ლიდერებს ლეგიტიმაცია. მაგრამ სინანულით ისიც შეიძლება, ითქვას, რომ ჯერ–ჯერობით, საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არაა იმგვარად განწყობილი, როგორც გერმანიის მოსახლეობა,რომ არაფერი ვთქვათ ბალტიისპირეთზე, პოლონეთზე, რუმინეთზე. საფრანგეთის მოსახლეობა მიესალმება რუსეთთან ნებისმიერი სახის გარიგებას. მათ ეშინიათ, რომ ენერგეტიკული კრიზისი გაღრმავდება, ფასები გაიზრდება, ბიზნესები წაგებაზე წავლენ, სამსახურებს დაკარგავენ, გაიზრდება უმუშევრობა და ა.შ. როგორც ჩანს, ეს საკითხები საფრანგეთში უფრო აღელვებთ, ვიდრე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და გნებავთ, დღეს უკვე გერმანიაშიც“,– აღნიშნავს გოგოლაშვილი.

ამასთან, მკვლევარი აღნიშნავს, რომ მაკრონს უკიდურესად დაძაბულ გარემოში ერთგვარი პოზიტიური სულისკვეთების მცდელობა აქვს:

„მაკრონს ახასიათებს არაკონკრეტული საუბარი. ეს შესაძლოა, ფრანგული პოლიტიკის თავისებურებაცაა. ამ მომენტში უფრო პოზიტიური სულისკვეთების ჩამოყალიბება სურს: პოზიტიური სულისკვეთებით მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა და შემდეგ მოლაპარაკებების ხერხებით დააზუსტებენ, რა არის შესაძლებელი და რა არა. მაგრამ მგონია, რომ ნატო–ს გაფართოებაზე საუბარი ამ ომის შემდეგ აბსოლუტური ნონსენსი უნდა იყოს (როგორც მინიმუმ, უკრაინის მიღებაზე), რადგან უკრაინა ფაქტობრივად, ნატო–ს წევრია ყველა კომპონენტით. თავად ნატო–ს ქვეყნებს აწყობთ, გამარჯვების შემდეგ უკრაინის ალიანსში ინტეგრირება – ეს მათთვის სასარგებლო იქნება და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი: თუ უკრაინას ნატო–ში მიიღებენ, ეს განსაკუთრებით, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი. სწორედ ამიტომაც სჭირდება მოსკოვს ეს ქვეყანა – მას უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პირობებში აღარ ექნება გავლენა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ევროპელებსაც ესმით და თუ ომს იგებენ, მსგავსი სტრატეგიული უპირატესობა, რომელსაც მოიპოვებენ უკრაინის ნატო–ში შეყვანით, რატომ უნდა დათმონ, წარმოუდგენელია. მით უფრო, როგორ უნდა ენდონ რუსეთს, რომ ის თავის ჩარევის მექანიზმებს არ გამოიყენებს და უკრაინაში კვლავ არ აურევს ვითარებას?!“.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ საფრანგეთის ლიდერი სწორედაც რომ ნატო–ს გაფართოების საკითხზე უნდა მიანიშნებდეს, თუმცა ექნება თუ არა მის იდეას მომავალი, მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ეს უკრაინაში, ბრძოლის ველზე გადაწყდება. კერძოდ, შეძლებს თუ არა რუსეთი ანექსირებულად გამოცხადებული უკრაინული რეგიონების სრულად დაკავებას და შემდეგ კონფლიქტის „გაყინვას“.

ხაზგასასმელია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეუდგა რა ცივილიზებული დასავლეთი, მათ შორის, ალტერნატიული ენერგორესურსების მოპოვებასა და მიწოდების გზების ძიებას, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოზე გამავალი დერეფნისადმი ინტერესი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან. იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი დეკლარირებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ჩნდება კითხვა, ხომ არ მოდის მაკრონის ხედვები, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესთან წინააღმდეგობაში? რუსეთისგან მიცემული რა სახის გარანტიის საფუძველზე შეიძლება დატოვოს დერეფანი დაუცველად, მით უფრო, რომ ამჟამად უკრაინაში ომს სწორედ რომ ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ერთ–ერთი „გარანტორი“ აწარმოებს?

იხილეთ ასევე:

„როგორც ჩანს, მაკრონს იმედი აქვს, რომ შედგეს გარიგება, „საქართველოს არ ახლონ ხელი, როგორც დერეფნის ნაწილს და ნატო–შიც არ მივიღოთო“. შესაძლოა, ამგვარ გარიგებაზეც ფიქრობს მაკრონი. ეს ცხადია, მყარი გარანტია არ იქნება, მით უფრო, როდესაც რუსეთთან გვაქვს საქმე. გარანტიები ქაღალდზე რამდენად მუშაობს, ეს სხვა ამბავია: ოდესღაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები ჰქონდა მიღებული და ამ გარანტიებისგან რა დარჩა, ჩვენ ვნახეთ. თუ ზოგადად იარსებებს გარანტია, უმჯობესია, იყოს ძალით გამყარებული, რომელიც ყოველთვის უკეთესი არგუმენტია, ვიდრე ქაღალდი. სამწუხაროდ, ხელმოწერები საკმაოდ ხშირად არ მუშაობს. არ ვცხოვრობთ შვეიცარიაში, რომ ნეიტრალურები გავხდეთ. თუმცა გავიხსენოთ, რომ შვეიცარიას ყოველთვის ძლიერი არმია ჰყავდა, რათა საკუთარი ნეიტრალიტეტი დაეცვა. ჩვენ ამგვარ ვითარებაში არ ვართ, რომ ხელი ასე მარტივად არ გვახლონ, მიუხედავად გარანტიისა“,– ფიქრობს შარაშენიძე.

იმ პირობებში, როდესაც ამ ეტაპზე საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების საკითხი წინ მსუბუქად რომ ვთქვათ, ნელი ტემპით მიიწევს, შარაშენიძე გამოსავალს ქვეყანაში ამერიკული კონტინგენტის განთავსებაში ხედავს, მით უფრო, რომ მსგავსი საკითხი ვაშინგტონში საჭიროებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და არა ალიანსის ყველა წევრის დედაქალაქში.

„მაგალითად, ბალტიისპირეთში დგას, რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხედრო და ეს საკმარისი გარანტიაა იმისთვის, რომ ბალტიისპირეთს ხელი არავინ ახლოს. აქ სიმბოლურად რომ იდგეს პატარა კონტინგენტი, მგონია, რომ ყველაზე კარგი გარანტია იქნება ჩვენი უსაფრთხოების. ამისთვის მხოლოდ ჩვენი მხრიდან სურვილი არაა საკმარისი, ვაშინგტონში უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის დაანონსება არაა საჭირო. თავის დროზე, 1970–იან წლებში შედგა მოლაპარაკება საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის – ჰელსინკის კონფერენცია, სადაც ერთმანეთს მისცეს გარანტიები, აღიარეს ერთმანეთის საზღვრები. მაშინ ეჭვი არავის შეუტანია ამ აღიარებასა და გარანტიებში, რადგან მაშინ საბჭოთა კავშირი უფრო ცივილურად თამაშობდა, ვიდრე ამჟამინდელი რუსეთი. ყველა კმაყოფილი იყო, როდესაც ჰელსინკის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ახლა საქმე ასე მარტივად არ იქნება – ნდობა დარღვეულია. ამიტომ, ნებისმიერი შეთანხმების უკან უნდა იდგეს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს შურისმაძიებლური პოლიტიკა, როგორიც აქვს რუსეთს. მაშინდელი საბჭოთა კავშირი ძლიერი იყო, დაკმაყოფილებული ჰქონდა თავისი ამბიციები და იმის იქეთ ბევრი აღარ სჭირდებოდა. რუსეთს კი აქვს ამბიცია, რომ დაიბრუნოს, რაც დაკარგა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები