რა ითქვა მეჯვრისხევში ოკუპანტების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის ირგვლივ

17-01-2023 19:47:00 კონფლიქტები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ 110–ე შეხვედრაზე მეჯვრისხევში რუსი ოკუპანტების მონაწილეობით მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოკუპანტებმა EUMM–ის მონიტორიგნის ჯგუფის გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში განახორციელეს გასროლა.

ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჯორჯ სანდიმ თქვა, რომ განცხადება ვითარებაში ბოლომდე გარკვევის შემდეგ გაკეთდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, ეს არ არის პირველი ინციდენტი და ზუსტდება დეტალები:

„მეჯვრისხევში მომხდარი ფაქტი იყო განხილული დღევანდელ შეხვედრაზე. ამას მიეცა შეფასება და ამას მიეცემა შეფასება შესაბამის რეპორტებში. როგორც ვიცი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ ფაქტს უკვე მისცა შეფასება, და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან, გასცენ პასუხი შეკითხვებს. ახლა მიდის დეტალების დაზუსტება ჩვენი მხრიდან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საერთო პოზიციაა, რომ საკითხის ამოწურვამდე თავი შევიკაოთ მსჯელობისგან. ეს არ არის პირველი ინციდენტი ევროკავშირის მისიასთან დაკავშირებით. ევროკავშირი აგრძელებს საქმიანობას და ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისათვის, რაც მისიას შეაქვს ჩვენს საერთო საქმეში".

„დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი იყო განხილული. აღნიშნულ ინციდენტს მიეცა შესაბამისი შეფასება და მიმდინარეობს ინციდენტის კონკრეტული დეტალების განხილვა. მისია აგრძელებს თავის საქმიანობას“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჯორჯ სანდიმ.

ინციდენტის შესახებ ცნობა გააჟღერა "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ. მისი ინფორმაციით, „პარასკევს, 13 იანვარს, EUMM-ის სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო“.

ქაცარავამ თქვა, რომ მან ამის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებისგან მიიღო.

მოგვიანებით შემთხვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ჯგუფის წევრები არ დაშავებულან, იმოქმედეს "უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“ .

ახალი ამბები

სხვა სიახლეები