ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას არ გამორიცხავს

24-01-2023 15:34:02 პოლიტიკა ,საზოგადოება

უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ქვეყანაში რუსების ახალი მასობრივი შემოდინების შემდეგ,– ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის თაობაზე“, - განაცხადა კასიანოვმა და დასძინა, "მაგრამ ხაზს ვუსვამ – მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ გულზელდაკრეფილები არ ვისხდებით. ჩვენ ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ მათი დაცვა და უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსების ანომალიური შემოდინების გამო უსაფრთხო ყოფნის რისკის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინელების სამშობლოში დაბრუნებას.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - დასძინა მან.

განცხადებას სპეკულაციური უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.

ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ - ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულის სეზონზე და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება.

ცალმხრივად არის შეწყვეტილი ფრენები რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

***

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა და ფრანების აღდგენის იმედი გამოთქვა, რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეაჩერა:

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია.

იხილეთ ასევე: რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები