
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი ადასტურებს უკრაინაში ტანკების გაგზავნის მზაობას
25/01/2023 14:18:03 ევროპა
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მადრიდი მზად არის, უკრაინას მიაწოდოს გერმანული წარმოების Leopard 2–ის ტანკები.
მისი თქმით, მადრიდი იმოქმედებს თავის დასავლელ მოკავშირეებთან კოორდინაციაში, რათა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას თავი რუსული შეჭრისგან.
”ესპანეთი მზად არის, ამ კოორდინაციის ფარგლებში იმუშაოს მოკავშირეებთან, რათა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, მათ შორის, გაგზავნოს Leopard 2-ები, დაეხმაროს სწავლებაში Leopard 2-ების მართვასთან დაკავშირებით, დაეხმაროს მათ მომსახურეობა–შენარჩუნებაში”, - თქვა მან.
რობლესმა ივარაუდა, რომ ტანკების გაგზავნის წინადადება პარლამენტში კენჭისყრაზე არ უნდა დადგეს, რადგან ეს აქტი განხორციელდება ესპანეთის საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში ევროკავშირისა და ნატოს წინაშე. ამავდროულად, კოალიციური პარტნიორები აკრიტიკებენ ტანკების მიწოდების იდეას და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ მისცემენ ხმას.
მანამდე გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას მისცემს ტანკებს და სხვა ქვეყნებზეც გასცემს რეექსპორტის ნებართვას.
იხილეთ ასევე: ევროპული "სატანკო კოალიცია" უკრაინისთვის ათობით „ლეოპარდს“ ამზადებს - Spiegel