ინალ არძინბა: „ამერიკა შეეცდება, გადატრიალება მოაწყოს საქართველოში“

08-03-2023 13:33:34 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტში ამერიკელები „შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური ცნობით, "არძინბას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნაა".

ადრე არძინბამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს". აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით კი, „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ“.

„მაგრამ ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული გახსნას მეორე ფრონტი?“ - იკითხა სერგეი შამბამ.

საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ამავე თემაზე: ერთიანი რუსული სცენარი: რატომ იქცა აფხაზეთის ლიდერი "ოცნების" მხარდამჭერად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები