"ოცნების" სპიკერების, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების კრემლს დაქვემდებარებული დე ფაქტო ლიდერებისა და პუტინის რეჟიმის ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა
08/03/2023 09:54:01 პოლიტიკა
"ოცნების" სპიკერების, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების კრემლს დაქვემდებარებული დე ფაქტო ლიდერებისა და პუტინის რეჟიმის ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა.
"ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში - იქ ეს კანონი 1938 წლიდან მიიღეს", - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ „ტელეგრამ–არხზე“.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნაა".
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", გუშინ გაკეტებულ განცხადებაში საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არა მარტო ამართლებდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ქვეყნის კონსტიტუციისა და საპარლამენტო რეგლამენტის დარღვევას, მოსახლეობის 85%-ის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის საწინააღმდეგო მოქმედებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმართ სპეცზომების გამოყენებას, არა მარტო აგრძელებდა პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლითაც რეალობის აყირავებას ცდილობდა, არამედ უკვე უშუალოდ პუტინის ტერმინოლოგიით საუბარზე გადავიდა და საქართველოს "დერადიკალიზაციაზე" ალაპარაკდა.
ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.


